მსოფლიოში უმსხვილესმა, ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის შემდეგ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო.
როგორც აეროპორტების გაერთიანებიდან იუწყებიან, პირველი პირდაპირი ფრენა Ryanair-მა ქუთაისის მიმართულებით 7 ნოემბერს მარსელიდან განახორციელა.
მათივე ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, Ryanair-ის კომუნიკაციის მენეჯერმა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთში ოლგა პავლონკამ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. პირველი რეისის ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და ავიაკომპანია Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს.
,,მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს - Ryanair-ი საქართველოშია. მოგეხსენებათ, მრავალი წელია იყო პირდაპირი დაკვეთა მოსახლეობის მხრიდან, რომ შემოგვეყვანა ეს ავიაკომპანია და ჩვენ რამდენიმე თვის წინ განვაახლეთ და წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები. Ryanair-ი საქართველოში ნიშნავს მეტ ევროპელ ტურისტს და რა თქმა უნდა, ასევე, ხელმისაწვდომ ფრენებს ევროპის მიმართულებით. საქართველოს წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლით ქართულ ავიაციასა და ტურიზმში ახალი ერა იწყება,“ - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება - ბოლონია დაემატება. Ryanair დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს. ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით რეისებს მილანში შეასრულებს. 2020 წლის აპრილიდან კი პირდაპირ რეისების განხორციელებას კვირაში ორჯერ კიოლნი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს.
ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია RYANAIR-ი 1984 წელს დაფუძნდა. მისი ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია 38 ქვეყნის 224 მიმართულებით ოპერირებს და ყოველდღიურად 2400 ზე მეტ რეისს ასრულებს. 2018 წლის მონაცემებით ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე, Lufthansa-ს შემდეგ სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.