ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო აცხადებს, რომ ჩინეთის და შეერთებული შტატების მხარეები, სავაჭრო ომის დროს, ერთმანეთის პროდუქციაზე შემოღებულ ტარიფებს, ეტაპობრივად გააუქმებენ. დროებითი შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ბი უარს იტყვის ახალი ტარიფების შემოღებაზე, რომელიც 15 დეკემბერს აქვს დანიშნული და რომელიც 156 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე (მათ შორის, ტელეფონებზე, კომპიუტერებსა და სათამაშოებზე) ტარიფის აწევას ითვალისწინებს.
ტარიფების ზრდის შეჩერება, მხარეებს შორის დროებითი გარიგების მთავარი პირობაა. ამასთან, როგორც ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს პრეს მდივანი გაო ფენი ამბობს, შეთანხმების პირველი ფაზის ძალაში შესასვლელად, ორივე მხარემ ადრე შემოღებული ტარიფების ნაწილი უნდა გააუქმოს.
„სავაჭრო ომი ტარიფებით დაიწყო და მათივე შეჩერებით უნდა დასრულდეს“, - ამბობს გაო და არ აზუსტებს, თუ პირველ ფაზაში რა მოცულობის პროდუქციაზე გაუქმდება ტარიფები. ამასთან, ის არ აკონკრეტებს იმ ვადბს, რომლებშიც ტარიფების გაუქმება უნდა განხორციელდეს.
გარდა ამისა, როგორც სააგენტო სინჰუა იუწყება, ჩინური მხარე მზადაა, შეთანხმების გარეშეც გააუქმოს შეზღუდვები ამერიკიდან ფრინველის იმპორტზე. ჩინეთმა ამერიკიდან ფრინველის ხორცის და კვერცხის შეტანა 2015 წლის იანვარში აკრძალა და ამის საბაბად, ფრინველის გრიპის აფეთქება დაასახელა.
მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის შეთანხმების ხელმოწერა სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპენის შეხვედრაზე შედგება. ოღონდ, ჯერ დაზუსტებული არაა, სად გაიმართება ეს შეხვედრა. შეხვედრა შესაძლოა ლონდონში, ნატო-ს სამმიტის (3-4 დეკემბერს) შემდეგ გაიმართოს.