2019 წლის 10 თვის მონაცემებით, ჯამში გაცემული ნებართვით 282 855.4 კუბური მეტრი ხეა მოჭრილი. მათ შორის: სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საჭიროების გამო 57 742.6 კუბური მეტრი ხე; სოციალური საჭიროებისთვის 219 251.5 კუბური მეტრი ხე; 5861.3 კუბური მეტრი ხე კი სანიტარული მიზნით მოიჭრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ეროვნული სატყეო სააგენტოში“ გამოთხოვნილ ინფორმაციაზე უპასუხეს, 2018 წელს ჯამში ნებართვით, 433 475.9 კუბური მეტრი ხე არის მოჭრილი. 2017 წელს კი - 466 393.5 კუბური მეტრი.
რაც შეეხება ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან-დღემდე ხე-ტყის უკანონო მოჭრის 1429 ფაქტია გამოვლენილი. მათ შორის: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1267 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის ნიშნების მქონე 162 ფაქტი.
ყველაზე მეტი 619 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონში, ყველაზე ნაკლები 20 კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
რაც შეეხება თავად უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში, ჯამში 7241 კუბური მეტრი ხე-ტყის უკანონოდ მოჭრის ფაქტია დაფიქსირებული.
ყველაზე მეტი 3261 კუბური მეტრი ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოავლინეს. 1042 კუბური მეტრი ხე-ტყე უკანონოდ კახეთის რეგიონში მოჭრეს. ყველაზე ცოტა, 91 კუბური მეტრი ხე-ტყე უკანონოდ კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოჭრეს.