კვიპროსი „ოქროს პასპორტების“ ნაწილს აუქმებს - სიაში რუსეთის 9 მოქალაქე უკვე მოხვდა

კვიპროსი „ოქროს პასპორტების“ ნაწილს აუქმებს. როგორც პრეზიდენტ, ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა, საქმე ეხება რამდენიმე შემთხვევას, როდესაც გარკვეულმა პირებმა პასპორტები მიიღეს, თუმცა შესაძლოა, მათ ფულის გათეთრებასთან ჰქონდეთ კავშირი. მისივე თქმით, ზოგიერთ ინვესტორს პასპორტი „შეცდომით“ გადაეცა.

„ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები, რომ გარკვეულ შემთხვევებში პასპორტები არ უნდა გაცემულიყო“,-განაცხადა ანასტასიადისმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კვიპროსმა „ოქროს პასპორტი“ 26 ადამიანს გააუქმა. რუსული მედიის ინფორმაციით, მათ შორის, 9 რუსეთის მოქალაქეა. რუსების გარდა გაუქმებული პასპორტების სიაში მოხვდნენ ჩინელები, ირანელები, კენიელები, კამბოჯელები და მალაიზიელები. ადგილობრივი ხელისუფლება პიროვნებების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ ადამიანებმა მოქალაქეობა და შესაბამისად, „ოქროს პასპორტი“ მიიღეს კვიპროსის ეკონომიკაში 2,5 მლნ ევროს ინვესტიციით ან 2 მლნ ევროს ღირებულების უძრავი ქონების შეძენით.

„ასოშიეთიდ პრესის“ ცნობით, კვიპროსის პასპორტებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მდიდარი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული მიზიდულობა აქვს, რადგან ამ გზით მათ საშუალება ეძლევათ თავისუფლად გადაადგილდნენ და იმუშაონ ევროკავშირში.

უცხოელ ინვესტორებზე დაახლოებით 4000 მგავსი პასპორტი გაიცა. ეს პროგრამა 2013 წელს, კვიპროსის ფინანსური კრიზის დროს დაიწყო. პროგრამა უცხოელი ინვესტორებისთვის ე.წ. „ოქროს პასპორტების“ გაცემას ითვალიწინებდა. კვიპროსის პრეზიდენტის თქმით, ინვესტირებულმა თანხებმა ქვეყანა „თითქმის გაბანკროტებას“ გადაარჩინა.

ავტორი: ნუკა კეკელია