საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც დელეგაციასთან ერთად ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს ლი სიაოპენგს შეხვდა. ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაშია „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო კავშირების, მათ შორის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის განვითარების საკითხებს.
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით დაინტერესებულია სარკინიგზო - მულტიმოდალური გადაზიდვების შემდგომი განვითარებითა და ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის (Middle Corridor) გავლით რეგულარული ბლოკ - მატარებლების ინტენსივობის გაზრდით. ამ მხრივ ლიანიუნგანგის პორტიდან სტამბულის მიმართულებით რეგულარული მატარებლის მიმოსვლის დაწყება, შუა დერეფნის განვითარების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია.
„იმ ღონისძიებებზე საუბრისას, რაც შუა დერეფნის პოპულარიზაციის მიმართულებით ხორციელდება, ყურადღება გამახვილდა უკრაინასთან პირდაპირი საკონტეინერო გემის მიმოსვლის დაწყებაზე, რაც საქართველოს რკინიგზის ინიციატივით განხორციელდა ისევე როგორც კონსტანცასა (რუმინეთი) და ბათუმის პორტებს შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლის დაწყება.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული დერეფნის შესაძლებლობების გაზრდაზე აქტიურად იმუშავებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.