„ჩიკორმა“ „ემილია ტვ“-სთან ერთად ბაზარზე ახალი პროდუქტი ჩაუშვა. ეს არის „ემილიას ჩიკორის“ ჩირი, რომელიც ბავშვებისთვის არა მხოლოდ ჯანსაღი წასახემსებელია, არამედ გასართობიც.
თამაშის არსს სტიქიების ნიშნების შეგროვება წარმოადგენს. „ემილიას ჩიკორის“ ჩირის შეფუთვებში ბუნების 4 სტიქიის - მიწის, წყლის, ჰაერის და ცეცხლის 5-5 სათამაშო დევს. თუ პატარა შეაგროვებს კონკრეტული ერთი სტიქიის 5-ვე წარმომადგენელს, იგი გახდება ამ სტიქიის ძალის მფლობელი და მიიღებს სტიქიის ძალის აღმნიშვნელ გულსაბნევს.
ამასთან, ოთხივე სტიქიის შეგროვების შემთხვევაში, მოთამაშე ხდება უძლეველი. ერთნაირი სათამაშოების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია გაცვლა, როგორც მეგობართან, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით შემდეგ მისამართზე #Emilitoys. გულსაბნევის მისაღებად კი „ჩიკორის“ ფეისბუქ გვერდს უნდა დაუკავშირდეთ.
„ემილიას ჩიკორი“ ბაზარზე თითქმის 2 კვირაა რაც გამოჩნდა. ახალი ბრენდით და ახალი შეფუთვით იყიდება ვაშლის ჩიფსი, საზამთროს ჩირი, ქლიავის ჩირი, ქლიავის, ლეღვის და გარგრის ჩირი შოკოლადში. საბავშვო შეფუთვისთვის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ქართული კომპანია „ეიკო/ Eiko“ აწარმოებს.
როგორც „ჩიკორის“ ჩირის მწარმოებელ კომპანია „ქარელის ხილში“ აცხადებენ, ახალი პროდუქტის გამოშვება პატარებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და შესაბამისად, ჯანსაღი ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას ემსახურება.
„ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა პრობლემა, რადგან ბავშვს ჯანსაღ პროდუქტს ვერ აწვდიდნენ, თან ისე, რომ ბავშვისთვისაც სახალისო იყოს ის. ამიტომ ვიფიქრეთ, შეგვექმნა რაღაც, რაც პატარებისთვის ჯანსაღი და სასარგებლო იქნებოდა და თან გასართობიც. შედეგად „ემილია ტვ“-სთან ერთად შევქმენით „ემილიას ჩიკორი“. ემილია ხომ ყველა ბავშვისთვის საყვარელი ბრენდია“, - განაცხადეს კომპანიაში.
ამ ეტაპზე „ჩიკორის“ ბრენდით ბაზარზე 12 სახეობის ჩირი იყიდება, მათ შორის ქლიავის ჩირი, ქლიავის და გარგრის ჩირი შოკოლადში, ნესვის და საზამთროს ჩირი, ხურმის ჩირი, ხურმის და ატმის მიქსი, და ა.შ.
2019 წლიდან „ქარელის ხილი“ „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანია გახდა და აქტიურად დაიწყო ბაზარზე განვითარება და წარმადობის გაზრდაზე მუშაობა.