ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მოვაჭრეების ნაწილმა მუშაობა განაახლა, ნაწილი კი კვლავ გაფიცულია. გაფიცულმა ინდმეწარმეებმა ბაზრის ადმინისტრაციასთან შეხვედრა გამართეს და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. მეწარმეები ქირის ლარში გადახდას და გადასახადის შემცირებას ითხოვენ. მათ ნაწილს რამდენიმე თვის დავალიანება აქვს და ვაჭრობის გაგრძელებას ამის გამო ვერ ახერხებს.
როგორც გაფიცულ მეწარმეებთან შეხვედრის შემდეგ ისნის ბაზრის, შპს "ტრანსსერვისის" გენერალურმა დირექტორმა ბექა მახარაძემ განაცხადა, ის აქციის მონაწილეების მოთხოვნებს პარტნიორებს გააცნობს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ამასთან, მახარაძე აღნიშნავს, რომ ინდმეწარმეების ნაწილი, რომლებიც 2017 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, შეღავათებით უკვე სარგებლობენ.
რაც შეეხება ქირის დოლარში დაწესებას, ბაზრობის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ კომპანიას სასეხო ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში აქვს და აქედან გამომდინარე, თავიდანვე დაწესდა გადასახადი დოლარში.