როგორც იქნა მეც გავერკვიე, რაში გვდებენ ბრალს, - ეს განცხადება “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც მისი საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო.
ხაზარაძის თქმით, პროკურატურის ბრალდებები აბსურდულია.
"თურმე იურიდიული პირიდან სესხის აღება 17%-იანი სარგებლით, ოფიციალურად, საბანკო არხით, მისი კონვერტირება და შემდგომ გადარიცხვა, არის ფულის გათეთრება. საბოლოო ჯამში, ასე ჩამოყალიბდა ჩვენ წინააღმდეგ ბრალდება. ეს ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც აუღია სესხი, მაღალპროცენტიანი თუ დაბალპროცენტიანი, გადაუხურდავებია დაუკონვერტირებია სხვა ვალუტაში, იმიტომ რომ შიდა გადარიცხვები მოგეხსენებათ, ლარებით უნდა მოხდეს და უცხოეთში გადარიცხვა უნდა მოხდეს იმ ვალუტაში, რომელშიც ის არის გადასარიცხი, შესაბამისად, ყველა ადამიანი საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ეს არის კანონმდებლობით დარეგულირებული რამ, უნდა იყოს ახლა ჩვენთან ერთად. აი, ასეთ აბსურდამდე მივიდა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა", - განაცხადა ხაზარაძემ.