"ცალკე აბსურდია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საკუთარი ბანკი მოატყუეს და ამის შემდეგ „გაათეთრეს ფული“

ცალკე აბსურდია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საკუთარი ბანკი მოატყუეს და ამის შემდეგ „გაათეთრეს ფული“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა.

როგორც კორძაძე განმარტავს, შემდეგ სასამართლო სხდომაზე, სადაც შესავალი სიტყვა უნდა წარმოთქვან, იმ მტკიცებულებებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, დასტურდება, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.

„დღევანდელი სხდომა წინა სასამართლო სხდომის მოსამართლემ ჩანიშნა. არსებითი განხილვის მოსამართლემ თქვა, რომ დღეს სხდომები აქვს, ამიტომ გადაიდო 2 დეკემბრისთვის. 2 დეკემბერს, პროკურატურისა და ჩვენს მიერ შესავალი სიტყვები იქნება წარმოთქმული.

შესავალ სიტყვაში იმ არგუმენტების შესახებ გვექნება საუბარი, რომლითაც ვაპირებთ დავამტკიცოთ, რომ არავითარ „ფულის გათეთრებას“ ადგილი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ეს არის ძალიან მარტივი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, სასესხო ურთიერთობა, რაც დაადასტურეს ასევე იმ უცხოელმა მოწმეებმა, რომელებიც ჩვენ გამოვკითხეთ. ეს იქნება ჩვენი ხაზი, ტაქტიკა. არავითარი დანაშაული, თაღლითობა არ არსებობს. ეს ცალკე აბსურდია, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საკუთარი ბანკი მოატყუეს და ამის შემდეგ „გაათეთრეს ფული", - განაცხადა კორძაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000- ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).