დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - „კინო საქართველოდან“ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - „ისნის“ მეტროსადგურამდე.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.