შემცირებული სესხები და სამსახურის გარეშე დარჩენილი 400-ზე მეტი ადამიანი - როგორ შეიცვალა მიკროსაფინანსოების ბაზარი ერთ წელიწადში

ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა, მათ შორის, საზედამხედველო კაპიტალის ზრდამ და ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება საფინანსო სექტორზე, განსაკუთრებით კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე ნეგატიურად აისახხა.

კერძოდ, შემცირებული სესხები, სამსახურის გარეშე დარჩენილი 400-ზე მეტი ადამიანი -ასეთია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე არსებული მდგომარეობა 1 წელიწადში.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც 24%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე სულ 74 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

ამავე მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საფინანსო ბაზრის ამ სექტორში სულ დასაქმებული იყო 4174 ადამიანი, რაც 416 ადამიანით, დაახლოებით, 9,9 %-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მისო-ებში 4 590 ადამიანი მუშაობდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირების მიუხედავად, ერთი წლის განმავლობაში 1 ერთეულით გაიზარდა ფილიალების რაოდენობა. კერძოდ, თუ 2018 წლის მესამე კვარტალში 74 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 395 ფილიალით იყო წარმოდგენილი, 2019 წლის მესამე კვარტალში 56 მისო 396 ფილიალს ფლობს.

ამავე პერიოდში შემცირდა მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობაც. ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის მესამეკვარტალში მისო-ების მიერ გაცემული იყო 1,097 მლრდ ლარის სესხი, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,208 მლრდ. რაც იმას ნიშნავს, რომ გაცემული სესხების რაოდენობა 110,8 მლნ ლარით შემცირდა.

რაც შეეხება გაცემული სესხების სტრუქტურას, 2018 წლის მესამე კვარტლის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, მისო-ების მიერ ჯამში გაცემული 1,208 მლრდ ლარის მოცულობის სესხიდან ყველაზე მეტი - 340,727 მლნ ლარი იყო სამომხმარებლო სესხი. გაცემული სესხების მოცულობით მეორე ადგილზეა სალომბარდე მომსახურება. კერძოდ, 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსოებმა 329, 489 მლნ ლარის ლომბარდული სესხი გასცეს. ვაჭრობისა და მომსახურების სფერო კი მიკროსაფინანსოებმა 189,201 მლნ ლარით დააკრედიტეს.

2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით კი, გაცემული 1,097 მლრდ ლარის სესხიდან 386,388 მლნ ლარი - სალომბარდე სესხი იყო, 292,269 - სამომხმარებლო სესხი, ხოლო, 193,211 მლნ ლარი ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე გაიცა.

ნინი ქეთელაური
კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა
რეგისტრაცია კიდევ ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუუქმდა