იტალიის ქალაქი მუდმივად დასახლების მსურველებს სახლებს უფასოდ სთავაზობს. ამის შესახებ სტატიას CNN ავრცელებს.
იტალიის სამხრეთ ნაწილში, კუნძულ სიცილიაზე მდებარე პატარა ქალაქი კამარატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოსახლოების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას განიცდის.
კამარატას გადარჩენის მიზნით მისმა მერმა ვინჩენცო ჯიმბრონმა ქალაქში დასახლების მსურველებს განსაკუთრებული პირობები შეუქმნა. ის ბოლო 3 წლის განმავლობაში მიტოვებული სახლების მეპატრონეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და მათი ნაწილი სახლების ახალი მცხოვრებლებისთვის გადაცემაზე დაითანხმა.
„მე არ შემეძლო ამ ძველი, დიდებული და ისტორიული სახლებისთვის მეყურებინა, რომლებიც სრულიად ცარიელია. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე თემა იყო“- აცხადებს ვინჩენცო ჯიმბრონი.
აღსანიშნავია, რომ კამარატაში დასახლების მსურველებს დეპოზიტის სახით 5 000 ევროს გადახდა მოუწევთ, რომელსაც სახლის რესტავრაციისა და ცხოვრების დაწყებიდან 3 წელში უკან მიიღებენ.
ამასთანავე, ის ახალგაზრდა წყვილები, რომლებიც ქალაქში შვილებთან ერთად დასახლდებიან თითოეულ ბავშვზე 1 000 ევროს მიღებენ ბონუსის სახით.
დღეისათვის ქალაქის მოსახლეობა 6 000 ადამიანს შეადგენს. კამარატას მერი იმედს გამოთქვამს, რომ ბინების უფასოდ გადაცემა ახალი მცხოვრებლების მოზიდვას შეუწყობს ხელს და ქალაქი ცხოვრებას თავიდან დაიწყებს.
კამარატას მერის ინიციატივა პირველი არ არის, სიცილიაზე დასახლების მსურველებს სხვა დასახლებების მმართველებიც გარკვეულ ბენეფიტებს სთავაზობენ. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ სიცილიის ქალაქ სამბუკაში მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირების გამო, ქალაქის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიტოვებული სახლები აუქციონზე გამოეტანათ, რომელთა საწყისი ფასიც ერთი ევრო იქნებოდა.