მიმდინარე კვირას ორი აფთიაქი დაჯარიმდა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში რეცეპტებით მედიკამენტების გაცემის რეგულაციის დარღვევის გამო ორი აფთიაქი დაჯარიმდა.

როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როგორც ქსელური, ასევე არაქსელური აფთიაქების მონიტორინგი მიმდინარეობს.

"საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე დავიწყებთ გამოქვეყნებას, რამდენი პრობლემა იყო ექიმის მხრიდან, რამდენი პრობლემა იყო აფთიაქების მხრიდან. რაც შეეხება არაქსელურ აფთიაქებს, აქაც ვაკეთებთ მონიტორინგს და დღევანდელი რეპორტის მიხედვით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ორი აფთიაქი დაჯარიმდა ამ წესების დარღვევისთვის", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ექიმებს, რომლებიც აფთიაქებთან ახლოს ახლად გახსნილ აფთიაქებში რეცეპტებს შესაბამისი გასინჯვის გარეშე წერდნენ, სერგეენკოს თქმით, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცათ, თუმცა ამ კუთხით მონიტორინგი გაგრძელდება.