საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და ამჟამად მიმდინარეობს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემდგომი პროცედურები. ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთის“ მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა.
„შესაბამისად, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვერ მოხდა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სრულფასოვანი განვითარება და ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ დააკისრა პირგასამტეხლო.
ამასთან, სააგენტოს მიერ განხორციელებული იქნა კომპანიის მიერ წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასება, რის გამოც კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მართვის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე.
შპს „ინტერნეიშენალ ივენთის“ მხრიდან დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში.
თავის მხრივ, სახელმწიფო შეიმუშავებს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ განვითარების გეგმას და მოიზიდავს სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის. ბუნებრივია, გეგმა მომზადებისთანავე წარედგინება საზოგადოებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.