ევროპელი დიპლომატები : ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ხვალ დააწესებს

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ხვალ დააწესებს.

"ესოშიეითიდ პრესის" ცნობით, როგორც ბრიუსელში სამმა დიპლომატმა განაცხადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი ხვალ ამოქმედდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე.

"ესოშიეითიდ პრესის" ინფორმაციით, დიპლომატებს არ დაუკონკრეტებიათ, რა სახის ახალი ეკონომიკური ზომები ამოქმედდება რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი ორშაბათს მიიღო. თუმცა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რომეპის განცხადებით, სანქციები მხოლოდ გამოქვეყნების შემდეგ შევიდოდა ძალაში, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები უკრაინაში და როგორ შესრულდებოდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობები.