კომპანია Tesla-ს სამოდელო ხაზში სიახლეა. ავტომობილი, რომელიც ბაზარზე მალე გამოჩნდება, 50 ათასი დოლარი ეღირება. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება, რომლის ინფორმაციითაც ავტომობილის პრემიერა 21 ნოემებრს ლოს-ანჯელესის საავტომობილო გამოფენაზე მოხდება.
მანამდე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კომპანიის ხელმძღვანელი ილონ მასკი წერდა, რომ ავტომობილის პრეზენტაცია, კომპანია SpaceX-თან ახლოს მოხდებოდა, სადაც ის რაკეტებს აწარმოებს. ტელეკომპანიის ცნობით, მასკის აზრით მისი კომპანიის მიერ წარმოებული პიკაპები უკეთესი იქნება, ვიდრე ამერიკაში სუპერპოპულარული F-150, მეტიც, მან ახალი მანქანა Porsche-911-საც კი შეადარა. ამასთან, CNN აღნიშნავს, რომ ავტომობილის დიზაინი შესაძლოა, უჩვეულო გახდეს.
როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, ელექტრო პიკაპზე მუშაობს პიკაპების მწარმოებელი ამერიკული კომპანიები Ford და General Motors, ხოლო ამერიკულმა სტარტაპმა Rivian უკვე წარმოადგინა მისი ელექტრო-პიკაპი, რომელიც სერიაში მალე ჩაეშვება.