აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრამპის ბრძანებამდე უკრაინის დახმარება განბლოკა

ამერიკის სახელწმიფო დეპარტამენტმა სექტემბერში მიიღო გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაცემა, მანამ სანამ ამის შესახებ პრეზიდენტი ტრამპი გამოაცხადებდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

როგოც სააგენტო აღნიშნავს, ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ დახმარების გამოყოფა უნდა განახლებულიყო 11 სექტემბერს. სააგენტოს წყაროს ცნობით კი სახელწმიფო დეპარტამენტმა ეს რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა. ამერიკის საგარეო უწყება ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც იურისტებთან შესაბამისი კონსულტაცია გაიარა, რომლებმაც განუმარტეს, რომ თეთრი სახლის საბიუჯეტო საკითხების ადმინისტრაციას და თავად ამერიკის პრეზიდენტსაც არ ჰქონდა უფლებამოსილება გაეყინათ უკვე გამოყოფილი ფინანსური დახმარება, რომელიც დეპარტამენტის ხაზით 140 მილიონ დოლარს შეადგენს.

როგორც ცნობილია, ტრამპის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ განცხადებას სკანდალი მოჰყვა, რის გამოც დემოკრატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაც წამოიწყეს. ისინი პრეზიდენტს საკუთარი უფლებამოსილების გადამეტებაში სდებენ ბრალს.

კოკა კვირკველია