კონსულტანტი ერთი დღით

"მომხმარებელი ყველაზე ხშირად პროდუქტის ვადით ინტერესდება. ვადები სისტემატურად მოწმდება. ბევრი ისეთი დეტალია, რომლებიც ჩვენ არც ვიცით"

მაღაზიებსა და მარკეტებში მომუშავე კონსულტანტების მომსახურებაზე ბევრი განსხვავებული აზრი მომისმენია. ზოგს არ მოსწონს, ზოგი კი, პირიქით, კონკრეტულ მაღაზიაში ხშირად იმიტომ შედის, რომ იქაურ პერსონალს ეჩვევა და უშინაურდება. გადავწყვიტე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში კონსულტანტად დამეწყო მუშაობა, რათა გამეგო, როგორია კონსულტანტის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე.

დილის 09:00 სთ

თბილი და შინაურული გარემო მხვდება­. უმეტესობა აქ ძველი თანამშრომელია. მენეჯერი მოკლე ინსტრუქტაჟს მიტარებს, მიხსნის, რომ მთავარია, მომხმარებელს თავაზიანად ესაუბრო, გაუღიმო და სააქციო პროდუქცია შესთავაზო. შესვენება დღეში­ სამჯერ არის, თითო - ნახევარი საათით. ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო: მე ფორმას ვიცვამ, თავზე კეპს ვიხურავ და ხორცპროდუქტების მაცივართან ვდგები. თავს უჩვეულოდ ვგრძნობ, ყველაზე მეტად სლაიდერი, ანუ ელექტრომჭრელი მაშინებს. დაძაბულობას მხიარული კონსულტანტის, მარეხის წახალისება მიხსნის, რომელსაც უამრავ კითხვას ვუსვამ. ისიც დაუზარებლად მპასუხობს. ამასობაში პირველი კლიენტიც გამოჩნდა და მეც მომხმარებელს ყურებამდე გავუღიმე."სააქციო რა გაქვთო, მეკითხება და მეც ვპასუხობ. ერთი კილოგრამი ამიწონეთ, არასდროს გამისინჯავს, თუ მომეწონა, კიდევ ვიყიდიო. ჩემდა გასაკვირად, ელექტროსასწორზე იოლად ავწონე­ დაჭრილი ლორი და ეტიკეტიც ამოვბეჭდე. მარეხმა ყველა პროდუქტის კოდი და შემადგენლობა ზეპირად იცის, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია.

მაცივრიდან გამომაქვს სტერილურად შეფუთული სოსისი, რომელსაც ვადა აწერია. ვხსნი და მაცივარში ვაწყობ. მენეჯერი სწრაფი ნაბიჯებით მიახლოვდება. ალბათ, რამე არასწორად გავაკეთე-მეთქი, ვფიქრობ და საყვედურის მოლოდინში მწნილით­ სავსე­ კონტეინერს ვდებ მაცივარში. "ძალიან მომწონს შენი მუშაობა,­ ჩვენთან ხომ არ დარჩები", -"მეუბნება ღიმილით და თან მიხსნის, რომ აუცილებელია, პროდუქცია შევსებული იყოს და თით­ოეული სოსისი სიმეტრიულად და ლამაზად იდოს.

"როდესაც ძეხვს დაჭრი, მაკრატლით ლამაზად უნდა შემოაჭრა პარკი, ახალი საკვების შესაფუთი ცელოფანი შემოაკრა და ისე დააბრუნო მაცივარში. მზა საჭმელსაც ყოველ ჯერზე ახალი პოლიეთილენის პარკი ისე უნდა გადააკრა, ერთი ნაწიბურიც რომ არ აჩნდეს", - მიხსნის მენეჯერი.

11:30 სთ

პირველ შესვენებაზე გავდივარ და დროის ათვლა იწყება. მოსასვენებელ ოთახში ყავას ვიმზადებ. ვერ ვიტყვი, არ დავღლილვარ-მეთქი, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ ვიღაცას ვეხმარები.

12:00 სთ

მყიდველების რაოდენობა მატულობს. მარეხი სწრაფად ემსახურება ყველას, მე კი თავში ქაოსი მაქვს, გულწრფელად მიკვირს, როგორ შეიძლება არ დაიბნე და არაფერი შეგეშალოს. მარეხი თვალის ზომით ხვდება, რამდენი სოსისი ან სარდელი ჩააწყოს პარკში. თითქმის გრამებში არტყამს. მეც ვეხმარები. ყველაზე მეტად ხელთათმნიანი ხელით ახალი პარკის გახსნა მიჭირს - ერთ მყიდველს შევეცოდე და დახმარება შემომთავაზა. სამაგიეროდ, აწონა კარგად გამომდის, მაგრამ სასწორის ეკრანს მაინც შიშით ვაკვირდები, რადგან ერთხელ შემეშალა და ძეხვის კოდის მაგივრად მომხმარებელს მარილის კოდი ავუკრიფე, შესაბამისად, ლანძღვაც დავიმსახურე - თუ არ იცი, სახლში წადიო, სანამ პასუხს გავცემდი, მარეხმა სიტუაცია გაანეიტრალა. მეწყინა, დღეში რამდენი აგრესიული მომხმარებელი­ შემოვა, ყველას უნდა უცინო და საბოლოოდ მაინც ლანძღვას იმსახურებ-მეთქი.

14:30 სთ

ბურღულეულში გადავინაცვლე. ეს სექცია ხათუნას აბარია, ზეპირად იცის, სად რა დევს და შეუძლია ამომწურავი პასუხი გაგცეს ნებისმიერ პროდუქტზე. ისეთი სითბოთი სთავაზობს მყიდველებს დახმარებას, რომ მთელ სამყაროზე განაწყენებული ადამიანიც ვერ გაუძლებს და გაეღიმება.

ერთხელ ვიღაც მამაკაცი შემოსულა, რომელიც პროდუქტს ხელში იგროვებდა. ხათუნას უკითხავს, კალათა ხომ არ გნებავთო, რაზეც მამაკაცს უპასუხია, კალათა რად მინდა, წითელქუდა კი არა ვარო. არიან ისეთებიც, ვისაც კონსულტანტის­ დახმარება აღიზიანებთ. მაგალითად, სიტყ­ვაზე, "გისმენთ", გპასუხობს,"რას მისმენ,­ ლექსს კი არ გიკითხავო! მოკლედ, რას აღარ მოისმენთ აქ დღის განმავლობაში.

15:00 სთ

უკვე ვიცი, რომ ყოველი სახეობის პროდუქტს დახლზე განსხვავებული ფერის შესაბამისი სტიკერი აკრავს. ფასების და ვადების გადამოწმებაც ვისწავლე.

იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის" 11 ნოემბრის ნომერში

ან გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად