გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში ბაზარზე ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი საწარმოთა 3.2 პროცენტმა შემოიტანა.
ასევე 3.2 პროცენტით განისაზღვრა იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება დანერგეს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 60.1 პროცენტი და 45.8 პროცენტი). სხვა შემთხვევებში ამ მიმართულებით მათ მხარდაჭერა სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან მიიღეს. ამასთან, განხორციელებული ინოვაციების 44.9 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 55.1 პროცენტი - სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.
„საწარმოთა ჩართულობა ინოვაციურ აქტივობაში შედარებით მაღალი წილით - 20.8 პროცენტითაა გამოხატული ისეთ სფეროში, როგორიცაა მანქანა - დანადგარების და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა. საკმაოდ მაღალი წილი ჰქონდა ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებულ სწავლებას (15.1 პროცენტი), საკუთარ კვლევებსა და დამუშავებებს (13.6 პროცენტი) და დიზაინს (13.4 პროცენტი).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საწარმოთა 31.2 პროცენტმა განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები პროდუქციის ესთეტიკურ დიზაინსა და შეფუთვაში, 28.7 პროცენტმა შეიმუშავა საქონლის/მომსახურების ფასდადების ახალი სისტემა, 20.7 პროცენტმა უზრუნველყო ახალი მედიის ან ტექნიკის შემოტანა პროდუქციის პოპულარიზაციისთვის,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.