სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 93 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტად გამოიყენებოდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი საშუალებები (მაგ. ოპტიკურბოჭკოვანი (FTTH) და საკაბელო ტექნოლოგიები) – 39.0 პროცენტი და DSL კავშირი (მაგ. xDSL, ADSL, SDSL, VDSL და ა.შ.) – 26.2 პროცენტი.
„საქსტატის“ მონაცემებით, საწარმოთა 19.5 პროცენტი იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), ხოლო 15.3 პროცენტი - სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.)
„2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ზემოთაღნიშნული კატეგორიის საწარმოებში დასაქმებულთა 37.5 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 18.4 პროცენტით.
ამასთან, აღნიშნულ საწარმოთა ვებ-გვერდებს ან ვებ-საიტებს გააჩნდათ შემდეგი ტიპის შესაძლებლობები/საშუალებები: საწარმოთა 21,5% იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), ხოლო 17,5% - სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.).
საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა Facebook და Linkedin – 25.8 პროცენტი, ხოლო საწარმოთა 63,4 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის არანაირ საშუალებას. სოციალური მედიის გამოყენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, როგორც საწარმოს იმიჯის შექმნა ან საკუთარი ბაზრის განვითარება (25.0 პროცენტი), ისე რეაგირება კლიენტის შეკითხვებზე, შეხედულებებსა და გამოხმაურებებზე (24.9 პროცენტი),“-ნათქვამია „საქსტატის“ კვლევაში.