პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი დღეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი იქნება, რომელიც „ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს.
პროექტის მიხედვით, ელექტროტექნიკაზე ენერგიის წვის მაჩვენებლების მითითება სავალდებულო გახდება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს ბაზარზე განთავსებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების აუცილებლობა არ არის გათვალისწინებული.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 2017 წლიდან საქართველო შეუერთდა „ენერგეტიკულ გაერთიანებას“ და ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების თაობაზე ევროდირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია სავალდებულო გახდა.
„კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ აუცილებელი გახდება საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების და ასეთი პროდუქტის ენერგომოხმარების მაჩვენებლების შესახებ პროდუქტზე სტანდარტული ინფორმაციის მითითება, რაც საშუალებას მისცემს საბოლოო მომხმარებელს, მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გააკეთოს სასურველი არჩევანი,“-აღნიშნულია დოკუმენტში.