„თუ საბავშვო სამგზავრო სავარძელი სწორადაა შერჩეული და დამონტაჟებული, 60%-დან 80%-მდე იცავს ბავშვს დაზიანებისგან"

თუ საბავშვო სამგზავრო სავარძელი სწორადაა შერჩეული წონის და ზომის მიხედვით და ის სწორადაა დამონტაჟებული, 60%-დან 80%-მდე იცავს ბავშვს დაზიანებისგან, - ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროების დემონსტრირებისთვის პარლამენტის წინ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული სავარძლების გამოყენების თაობაზე ტაქსის მძღოლებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჯერჯერობით ვერ დაავალდებულებენ და დაგეგმილი ცვლილება მხოლოდ კერძო ავტომობილებს შეეხება.

„დღეს იწყება მოსმენა პარლამენტში სამგზავრო საბავშვო სავარძლებთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრინციპების დონეზე ყველა ვთანხმდებით, რომ ბავშვები უნდა იყვნენ დაცულები მგზავრობის დროს. ჩვენი ინიციატივაა, რომ ამ ქვეყანაში გაჩნდეს საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც დაიცავს ბავშვებს მგზავრობის დროს. თუ სავარძელი სწორადაა შერჩეული წონის და ზომის მიხედვით და ის სწორადაა დამონტაჟებული, 60%-დან 80%-მდე იცავს ბავშვს დაზიანებისგან. მნიშვნელოვანია, რომ 135 სანტიმეტრამდე მოზარდებისთვის იყოს გამოყენებული. იმ ავტომობილებს, რომლებსაც კონსტრუქციულად ღვედი არ აქვს, ვერ დაავალდებულებთ, მათ შორის ტაქსებშიც, ამ ეტაპზე ცვლილება ვერ განხორციელდება და ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რადგან ვითვალისწინებთ ჩვენი ავტოპარკის ტექნიკურ შესაძლებლობებს“, - განაცხადა ლალიაშვილმა.