"აუცილებელია შრომის ინსპექციის დამოუკიდებელი სუბიექტი არსებობდეს, სამინისტროში შრომის ინსპექციის ზედამხედველობის სსიპ შეიქმნება"

ჯანდაცვის სამინისტროში შრომის ინსპექციის ზედამხედველობის სსიპ შეიქმნება, - ამის შესახებ „შრომის კოდექსის" ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ინსტიტუციის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება გაზრდის საქმიანობის ეფექტურობას.

„აუცილებელია არსებობდეს შრომის ინსპექციის დამოუკიდებელი სუბიექტი. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს დეპარტამენტი, რომელიც გარკვეულწილად შეზღუდულია თავისი მოქმედების არეალით. ეს არის სამინისტროში შემავალი დეპარტამენტი და მისი სსიპ-ად ჩამოყალიბება უფრო მეტად მოქნილს გახდის და ეფექტურობასაც გაზრდის. ასევე, ეს ინსპექცია უნდა გახდეს ცალსახად პარტნიორი, როგორც დასაქმებულისთვის, ისე დამსაქმებლისთვის. ეს კანონი არის ახალი დაწერილი და ვფიქრობ, რომ წაადგება დასაქმებულებსაც და დამსაქმებლებსაც”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა შრომის ინსპექციასა და სანქცირებაზე და აღნიშნა, რომ მონიტორინგი განხორციელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე.

„შემოდის სანქცირება, როგორც გაფრთხილება, საჭიროების შემთხვევაში მატერიალური ჯარიმა და ასევე გამონაკლის შემთხვევებში - საქმიანობის შეჩერება. სანქციები იქნება იმ მოთხოვნების შეუსრულებლობაზე, რომელიც არის კანონში გაწერილი. ეს შრომით უსაფრთხოებისგან განსხვავებული ნორმებია და შესაბამისად, ისეთი დიდი ჯარიმები არ არის, როგორც შრომით უსაფრთხოების შემთხვევებში, მაგრამ მას აქვს პრევენციული ხასიათი. ინსპექციის არსებობა ნიშნავს იმას, რომ დაიწყება გარკვეული სტანდარტების დახვეწა. ასევე, შრომის ინსპექციას ექნება კონსულტირების და დასაქმებულების მხარდაჭერის შესაძლებლობა. იქნება გეგმური შემოწმებები, რომლებიც დაფუძნებული იქნება გარკვეულ ლოგიკასა და შიდა პროცედურებზე, ასევე შემოწმებები იქნება ალბათ გამოძახებით - მომართვიანობის შემთხვევაში, თუ დასაბუთებული ეჭვი იქნება გამოთქმული, რომ ვიღაცის უფლებები ირღვევა. შემოწმებების ლოგიკა არ იქნება თავნებობა, ეს იქნება სისტემურად და ამ სისტემების გამართვაზე ზედამხედველობის საშუალება ექნება მრჩეველთა საბჭოს, რომელიც უნდა იყოს მონიტორინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „შრომის კოდექსის“ რეფორმის საჯარო განხილვების პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე თემატური შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან, HR სპეციალისტებთან და სამოქალაქო სექტორთან.