რუსეთმა შესაძლოა, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნიდან ავტომობილებისა და ტანსაცმლის იმპორტი აკრძალოს

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პასუხად, შესაძლოა, რუსეთმა დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნიდან ავტომობილებისა და ტანსაცმლის ზოგიერთი სახეობის იმპორტი აკრძალოს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს უამრავი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების პროდუქტი, რომელზეც ჩვენი პარტნიორები, პირველ რიგში, ევროპელები რუსეთზე უფრო მეტად არიან დამოკიდებული, ვიდრე რუსეთი მათზე. ეს ეხება მაგალითად, ავტომობილების შემოყვანას და მსუბუქი წარმოების პროდუქციის რამდენიმე სახეობას, რომლის წარმოება ჩვენ თავადაც შეგვიძლია", - განაცხადა ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ. ბელოუსოვი იმედს იტოვებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და საპასუხო ნაბიჯების გადადგმა რუსეთს არ დასჭირდება.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დღეს დააწესებს. "ესოშიეითიდ პრესის" ცნობით, როგორც ბრიუსელში სამმა დიპლომატმა განაცხადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი დღეს, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.