რუსთავის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში, 500 ძირი ზეთისხილის ნერგი დარგეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამწვანების აქციაში, მონაწილეობა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ,,რუსთავ-სერვის ცენტრისა“ და ,,პაშა ბანკის“ წარმომადგენლებმა მიიღეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, მისასალმებელია, რომ ბიზნეს სექტორი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ქალაქის გამწვანებაში.
,,პაშა ბანკის“ წარმომადგენლებმა ქალაქს საჩუქრად გადმოგვცა 2020 ძირი ზეთის ხილისა და ელდარის ფიჭვის ნერგი. ბიზნესის მხრიდან მსგავსი ქველმოქმედება მისასალმებელია. მიმდინარეობს ნერგების წინასწარ შერჩეულ ადგილებში, მათ შორის ცენტრალურ პარკში დარგვა. აღსანიშნავია, რომ ,,პაშა ბანკთან“ შუამდგომლობა, ჩვენმა დაძმობილებულმა ქალაქმა ინეგოლმა გაგვიწია, რისთვისაც მადლობა მინდა მათ გადავუხადო. კარგი იქნება თუ ქალაქში არსებული საწარმოებიც ჩაერთვებიან მსგავს აქციაში, ამით ისინი მეტ რეკრეაციას და მეტ ჟანგბადს შესძენენ ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
,,რუსთავ-სერვის ცენტრის“ დირექტორის გიორგი გოროზიას განცხადებით, კულტურისა და დასვენების პარკში, ჯამში 500 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგვება, 1520 ძირი ელდარის ფიჭვი კი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის თბილისის ქუჩაზე და რუსთავის შემოსასვლელში გადანაწილდება.