ევროკავშირმა ვენესუელას პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა ვენესუელას პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა. დღეს გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სანქციები 2020 წლის 14 ნოემბრამდე გახანგრძლივდეს.

ევროკავშირის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მადუროს რეჟიმი „ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს, კანონის უზენაესობას და უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს“. მათივე თქმით, სანქციები მიმართული არ არის ვენესუელის მოქალაქეებისკენ.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები და ევროკავშირი სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერ, ხუან გუაიდოს აღიარებენ. მათი თქმით, გასულ წელს ნიკოლას მადურო არალეგიტიმურად იყო არჩეული.