„წყალტუბოს პროექტი ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ 20-მდე სანატორიუმის დაკონსერვებას ისევე, როგორც ლაგუნა ვერე აგდია თბილისის ცენტრში"

წყალტუბოს პროექტი ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ 20-მდე სანატორიუმის მისაკუთრებას, მის დაკონსერვებას ზუსტად ისევე, როგორც 10 წელია უპატრონოდ აგდია ლაგუნა ვერე თბილისის ცენტრში, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის დაპირება, რომ წყალტუბოში სასტუმროებისა და აბანოების გამოსყიდვის შემდეგ მათ რეაბილიტაციას განახორციელებს, არ შესრულდება.

"წყალტუბოს პროექტი ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ 20 მდე სანატორიუმის მისაკუთრებას, მის დაკონსერვებას ზუსტად ისევე, როგორც 10 წელია უპატრონოდ აგდია "ლაგუნა ვერე" თბილისის ცენტრში, 15 წელი უპატრონოდაა უზარმაზარი ტერიტორია აბრეშუმის ფაბრიკის სახით. წყალტუბოს ქონებაც მისაკუთრებული იქნება ყოველგვარი რეაბილიტაციის გარეშე. თუ ასე არაა, მაშინ ჩადოს სახელმწიფომ მოთხოვნა, რომ 3 წელში თუ არ დამთავრდება, ავტომატურად დაუბრუნდეს სახელმწიფოს. არავინ მსგავს პირობას არ ჩადებს. ეს არის უზარმაზარი აქტივების ხელში ჩაგდების მცდელობა, როგორც მან გააკეთა ბევრჯერ. რაც შეეხება მის დაპირებებს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ სოფლის ინტერნეტიზაციის 140 მილიონიან პროგრამას შეგვპირდა და არ არის, სიმსივნის მკურნალობის ცენტრს შეგვპირდა და ხელახლა წამოწია ეს თემა, იტყუება 600 მლნ-ს ჩავდებო, 2 მილიარდ ნახევრიანი უფასო კრედიტი და ა.შ. სად არის ეს დაპირებები? მორიგი დაპირება იქნება წყალტუბოშიც," - განაცხადა რომან გოცირიძემ.