ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ. აღნიშნულის შესახებ უკვე ორივემ დაადასტურა. კალანდაძის თქმით, მან და ირაკლი ლექვინაძემ გადადგომის შესახებ განცხადებები 8 ნოემბერს დაწერეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი ლექვინაძემ შესაძლოა, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გავრცელდა. თუმცა, რაც შეეხება ლექვინაძეს, მან „ბიზნესპრესნიუსთან“ იმაზე საუბრისგან, თუ სად გააგრძელებს მუშაობას, თავი შეიკავა, თუმცა, განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე მისი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ან სამინისტროში რაიმე თანამდებობაზე დასაქმება“ არ განიხილება.
მისივე განცხადებით, ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება და პოზიციდან წასვლა შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს უკავშირდება, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ისაუბრებს.
ამასთან, ლევან კალანდაძის ინფორმაციით, ის და ირაკლი ლექვინაძე სავარაუდოდ, ისევ ერთ სტრუქტურაში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა სად, კალანდაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.