დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტმა ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც ავტომობილებში საბავშვო სავარძლების სავალდებულო გამოყენებას ეხება, მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დეპუტატ ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც ავტომობილებში საბავშვო სავარძლების სავალდებულო გამოყენებას ეხება, მხარი დაუჭირა. კანონპროექტს კომიტეტის სხდომაზე მხარი როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე უმცირესობის წევრებმაც დაუჭირეს.

კანონპროექტი დეპუტატების ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ არის მომზადებული და ის სხდომაზე დღეს ეკა ბესელიამ კიდევ ერთხელ წარადგინა.

უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ სოციალურ კამპანიებში აქტიურად უნდა ჩაერთონ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, ხოლო ნებისმიერი მანქანა, ჰყავს თუ არა მფლობელს ბავშვი, ვალდებული უნდა იყოს ჰქონდეს მანქანის თუნდაც ერთი სავარძელი.

„თუნდაც ბენზინგასამართი სადგურები იმ აყროლებულ რაღაცას რომ ჩუქნიან მძღოლებს, რომ უნდა ჩამოკიდო და აწერია კომპანიის სახელი, იმის მაგივრად აჩუქონ ეს სავარძელი, მშვენიერი რეკლამა იქნება“,- განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, კანონპროექტის მიხედვით, მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანის დროს, უზრუნველყოს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის, ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლესა და წონას. ცვლილებების ავტორი ორგანიზაციების შეფასებით, დღევანდელი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ბავშების დაცვას საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რის გამოც ბავშვების ავტომანქანით გადაყვანაზე რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია.