“ჯორჯიან მანგანეზი” - კომისიის ინფორმაციით, შუქრუთში აღწერილი დაზიანებები კომპანიის სამუშაო პროცესს არ უკავშირდება

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, სოფელ შუქრუთში აღწერილი დაზიანებები არ უკავშირდება კომპანიის სამუშაო პროცესს, - ამის შესახებ “ჯორჯიან მანგანეზიდან” იუწყებიან. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისი დასკვნა სპეციალურმა კომისიამ დადო. ამავე კომისიის დასკვნით, დაზიანებები გამოწვეულია საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოებული სამუშაოებით.

“მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ჭიათურაში სოფელ „შუქრუთში“ მაღაროს მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა, რამაც საწარმოო პროცესის შეჩერება გამოიწვია. მაღაროს მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვა მოხდა იმიტომ, რომ მოსახლეობის აზრით, სოფელთან ახლომდებარედ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოები სახლების დაზიანებას იწვევს. აღნიშნულ მოვლენას წინ უძღვოდა კომპანიასა და მოსახლეობას შორის მიმდინარე წლის სექტემბერში მიღწეული შეთანხმება, რათა კომისიური წესით ზიანებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების შესწავლა მომხდარიყო.

შედეგად, მოსახლეობასთან შეთანხმებით, კომპანიამ საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა, რომელმაც სოფელ „შუქრუთში“ არსებული ყველა დაზიანებული სახლი დაათვალიერა. კომისიის მიერ მოძიებული ინფორმაციით, აღწერილი დაზიანებები არ უკავშირდება კომპანია „ჯორჯიანმანგანეზის“ სამუშაო პროცესს და ეს გამოწვეულია საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოებული სამუშაოებით.

ასევე დადგინდა, რომ ხსენებული დაზიანებები იმ პერიოდში შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურების მიერ კომპენსირებული იყო. იმის გამოსარიცხად, რომ დღეს მიმდინარე სამუშაოები ახდენს თუ არა კონკრეტულ ლოკაციებზე ახალ დაზიანებებს, მოსახლეობასთან შეთანხმებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიმდინარე თვის დასაწყისში კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მოიწვია დამოუკიდებელი, გამოცდილი საექსპერტო ჯგუფი „საინჟინრო კვლევების ცენტრი”, რომელთაც კომისიის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე კვლევითი სამუშაოები 2019 წლის 29 ოქტომბერს დაიწყეს.

პირველადი მონაცემებით შესწავლილი და გამოკვეთილი დაზიანებები არ უკავშირდება „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებულ სამუშაოებს და ირკვევა, რომ „შუქრუთში“ სახლების დაზიანება საბჭოთა პერიოდში სოფლის ქვეშ წარმოებული მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებით არის გამოწვეული; დაზიანებების მეტი წილიც სწორედ იმ პერიოდისაა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით განპირობებული ყველა გამოკვეთილი და დადგენილი ზიანი კომპანიის მიერ ანაზღაურდა.

კვლევის დასრულებისას „საინჟინრო კვლევების ცენტრი” კონკრეტულ მიზეზებსაც ასახავს დასკვნაში და იმასაც თუ რამდენად ექვემდებარება დაზიანებული სახლები შეკეთებას. 90-იანი წლების დასაწყისში სოფელი „შუქრუთი“ მიწისძვრამაც დააზარალა და მაშინ სახელმწიფომ მოსახლეებზე შესაბამისი კომპენსაციები გასცა. კომპენსაციები გაიცა იმ დათქმით, რომ მიღებული თანხით მოსახლეები ალტერნატიულ საცხოვრებელს სხვაგან შეიძენდნენ. „ჯორჯიან მანგანეზი” არ არის საბჭოთა პერიოდის წარმოების სამართალმემკვიდრე, რომელიც იმ პერიოდში ახორციელებდა მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებს და არც არანაირი შეხება იმ პერიოდის სამუშაოებთან არ აქვს. „ჯორჯიან მანგანეზი” მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი შუქრუთის მოსახლეობამ იცის, თუმცა მათ უკან მდგომი პირები ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რომლის მიზანია საკუთარი ვიწრო ინტერესების შანტაჟის გზით დაკმაყოფილება.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სალიცენზიო ტერიტორიაზე სხვადასხვა პირები, სავარაუდოდ, გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე საკუთრებაში უძრავ ქონებას გამიზნულად არეგისტრირებენ, რაც მიგვაჩნია, რომ პირდაპირ არის დაკავშირებული კომპნიასთან და მიზნად ისახავს მატერიალური გამორჩენის მიღებას და საწარმოს საქმიანობისთვის ხელშეშლას.

კერძოდ, ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე კომპანიის მიმართ თანხების გამოძალვა ხდება, რაც „ჯორჯიანმანგანეზის“ საქმიანობას ხელს უშლის, რადგან ამ ტერიტორიებზე კონკრეტული პირების საკუთრების უკანონო რეგისტრაციებით „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ შესაბამისი სამუშაოების ხელშეშლა ხდება.

მოგეხსენებათ, რომ ზემოთ ხსენებული რეგისტრაციები და მათ შესაბამისად მესაკუთრეთა მიერ კომპანიის მისამართით წაყენებული არაკეთილსინდისიერი მოთხოვნები არა მხოლოდ აფერხებს კომპანიის მიერ დაგეგმილ და დროში გაწერილ სამუშაოებს, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის ამა თუ იმ მოპოვებითი სამუშაოებისთვის წინასწარ დამტკიცებულ ბიუჯეტს. ეს ყოველივე, კი ქმნის ისეთ გარემოს, რა გარემოშიც კომპანიის მიერ საწარმოო პროცესების დაგეგმვა და სამომავლო პროგნოზირება შეუძლებელი ხდება.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კი დროულად არ დარეგულირდება ზემოთ დასახელებული საკითხი და აღკვეთილი არ იქნება გაყალბებული დოკუმენტაციის შესაბამისად რეგისტრაციები, საწარმო ვეღარ შეძლებს შეუფერხებლად საქმიანობასა და სამუშაოთა წამორმოებას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პირდაპირპროპორციულად აისახება მის საქმიანობაზე და 3 400 თანამშრომელზე, რომლის თავიდან არიდებისათვის კომპანია ძალღონეს არ იშურებს.

„ჯორჯიან მანგანეზი” ყოველთვის, როდესაც სახეზეა მისი სამუშაოებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანი, მოსახლეობისადმი თუ ეკოლოგიური კუთხით, სრულად ანაზღაურებს ზარალს, რაც წელიწადში საშუალოდ 1.5 მლნ ლარს შეადგენს. კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძოს დაწყებული მოლაპარაკება და სამუშაოები, რომელიც ეხება მათ მიერვე გაჟღერებული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებას”, - ნათქვამია “ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებაში.