პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება - N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინსტალაციის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.
ქანდაკება N'Uovo აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკების განთავსების ადგილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე არსებული შადრევანია. ხუთმეტრიანი ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს.
„ჩვენ დედაქალაქს ძალიან უხდება თანამედროვე სკულპტურები, რომლებიც მას კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს ჰმატებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვაჟა მიქაბერიძეს, რომელმაც თბილისს N'Uovo აჩუქა. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ კერძო კოლექციაში თუ მუზეუმშია დაცული და სხვადასხვა ქალაქის დიდ მოედნებზეა განთავსებული. თბილისში ეს მისი მეორე ნამუშევარია და დარწმუნებული ვარ, რომ ისიც ძალიან მოუხდა დედაქალაქის იერსახეს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
N'Uovo იტალიაში, ავტორის სახსრებით დამზადდა და იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად გადაეცა. ქართველმა მოქანდაკემ თავდაპირველად, იგი საჩუქრად ქ. პიეტრასანტას გადასცა, ქანდაკება ასევე მრავალ კერძო კოლექციაში და სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეშია განთავსებული.
პრასტო (ვაჟა მიქაბერიძე) თბილისში, 1967 წელს დაიბადა. 1984-1992 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 1993 წელს იგი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და 1993-1995 წლებში სწავლა ფლორენციაში, რიაჩის აკადემიაში განაგრძო. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს იტალიის ქალაქ პიეტრასანტაში.
თბილისში, ბამბის რიგში განთავსებული ფარაჯანოვის ბიუსტის შემდეგ, N'UOVO ავტორის მეორე ქანდაკებაა, რომელიც დღეიდან, ქვეყნის დედაქალაქს დაამშვენებს.