ქარული კომპანია GlenBerries, რომელიც კენკრასა და ბოსტნეულს შოკური მეთოდით ყინავს, აშშ-ში პროდუქციის რეგულარულ გაყიდვებს იწყებს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, აღმასრულებელმა დირექტორმა რაფიელ მაღალაშვილმა East fruit-თან საუბრისას განაცხადა, გაყინული კენკრა და ბოსტნეული აშშ-სთან გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულების თანახმად, სუპერმარკეტებში გაიყიდება.
მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საუბარია მოცვზე, მარწყვზე, ყვავილოვან კომბოსტოსა და ბროკოლზე.
GlenBerries-ის საწარმო, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, 2018 წლის ივნისში, სახელმწიფოს მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქარელის რაიონში გაიხსნა.
ამჟამად კომპანია წელიწადში დაახლოებით, 1 200 ტონა პროდუქტს ინახავს, დღეში კი საშუალოდ, 10 ტონამდე ხილსა და ბოსტნეულს შოკურად ყინავს.
„აშშ-ში რამდენიმე მილიონი ებრაელი ცხოვრობს და აქ არა ერთი kosher -სუპერმაკეტია, სადაც მსგავსი პროდუქტი იყიდება. ჩვენი პროდუქტებიც სწორედ იქ გაიგზავნება. აშშ-ში ექსპორტისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, FDA სერთიფიკატიც გვაქვს.
პირველი პარტიის გაგზავნა დაგეგმილია ამ კვირაში, შემდეგ კვირაში კი 10 კონტეინერს გავგზავნით, თითოეულის მოცულობა 21 ტონას შეადგენს. ტრანსპორტირება ფოთის პორტიდან განხორციელდება. ექსპორტის პროცესში კი შენარჩუნებული იქნება პროდუქტებისთვის საჭირო 18-გრადუსიანი მუდმივი ტემპერატურა.
გაყინული ხილი და პოსტნეული სრულად ქართული წარმოებისაა, მათ ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ. თითოეული პროდუქტის შეფუთვა 361-გრამიანია, რომლის ეტიკეტზეც მითითებულია, რომ პროდუქტი საქართველოდან არის“,-აღნიშნა რაფიელ მაღალაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საწარმოს ასობით ტონა მზა პროდუქტის მარაგი აქვს, თუმცა პარალელურად ადგილობრივი ფერმერებისგან ნედლეულის შეძენას აგრძელებს. ამასთან, კომპანია მარწყვის საკუთარ სათბურებსაც აშენებს.
„ამერიკელი პარტნიორები დაინტერესებულები არიან ჩვენთან მუშაობით. სწორედ მათ დააფინანსეს ქარელის რაიონში 6 ჰექტარ ფართობზე სასათბურე მეურნეობის მოწყობა. სამშენებლო სამუშოები უახლოეს დღეებში დასრულდება, შემდეგ კვირას კი უკვე პროდუქტის დარგვას დავიწყებთ. ნერგები თურქეთიდან შემოვიტანეთ, ამჟამად ის საწარმოს ტერიტორიაზე ინახება.
თებერვალში კიდევ ერთი სათბურის მშენებლობას ვგეგმავთ, რომელიც 8 ჰექტარ ფართობზე განთავსება და ის თაროების ტიპის იქნება. ვფიქრობთ, რომ ახალი სათბურების მუშაობა სტაბილურ მიწოდებას შეუწყობს ხელს“,-აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა.
მისივე თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში მოცვის პლანტაციების გაშენებაც შედის, თუმცა ამას გარკვეული ფინანსური რესურსის მოძიება სჭირდება.
„ახლა გაფართოება ხდება კერძო ინვესტიციის გზით, თუმცა მომავლი წლის დასაწყისში, სახელმწიფო უწყებების მეტი ჩართულობა იქნება. ასევე, შესაძლებელია, რომ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა კომპანიაში კონკრეტული კაპიტალი დააბანდონ“,- ამბობს რაფიელ მაღალაშვილი.
GlenBerries-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ კომპანია პარალელურად ისრაელისთვის პროდუქციის მიწოდებას გააგრძელებს, სადაც ქართული გაყინული ხილი და ბოსტნეული პირველად 2018 წელს გავიდა.
„ისრაელში ჩვენ პროდუქციას 300- გრამიანი შეფუთვებით ვაგზავნით. გადის როგორც ხილი, ისე ბოსტნეული. ისრაელიდან ძალიან დიდი შეკვეთებიც მოგვივიდა, თუმცა მისი დაკმაყოფილება ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია. ასევე დიდი შეკვეთები გვქონდა შვეიცარიიდან, თუმცა მათთან ამ ეტაპზე ვერ ვთანამშროლობთ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არ არის საკმარისი ნედლეული, და მეორე, საჭიროა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, რაც საკმაოდ რთულია და დიდ დროს მოითხოვს. თუმცა, ამ ვარიანტს გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ“,-აღნიშნავს რაფიელ მაღალაშვილი.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის სამომავლო გეგმებში საქართველოში ტროპიკული ხილის იმპორტი და გაყინვაც შედის.
„ჩვენ ვფიქრობთ მანგოს და ანანასის შემოტანაზე, რადგან ქვეყანაში ამ ორ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა. თუმცა, აქ გარკვეულ პრობლემას, ფინანსების მობილიზებასთან ერთად, სამუშაო ძალის დეფიციტი წარმოადგენს. მაგალითად, სათბურში სამუშაოდ 80 შტატგარეშე თანამშრომელი გვჭირდებოდა, რომელთა მოძიებაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა“,- აღნიშნავს რაფიელ მაღალაშვილი.
კომპანის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, პროექტის საწყისი ინვესტიცია დაახლოებით, 5 მლნ ლარი იყო, აქედან 0,6 მლნ ლარი სახელმწიფო გრანტია, დანარჩენილი თანხა კი დამფუძნებლების სახსრებია. მისივე თქმით, გასულ წელს საწარმომ დამატებითი 2 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა, 2020 წელს კი რამდენიმე მილიონის ინვესტიციის განხორციელება კიდევ იგეგმება.