რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული სტარტაპი - ახალი შესაძლებლობები ქალი მეწარმეებისთვის

ბოლო პერიოდში, საქართველოში სტარტაპის დაწყება პოპულარულ საქმიანობად იქცა.

ამას ხელს უწყობს „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ კონკურსიც, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც, 10 საუკეთესო სტარტაპი ჯამში 1 მილიონი ლარით ფინანსდება. მნიშვნელოვანია, სტარტაპი აღნიშნულ თანხას რამდენად ეფექტურად გამოიყენებს, რისთვისაც ფინანსურ საკითხებში ინფორმირებულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გარდა სახელმწიფო სექტორისა, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში წლებია, კერძო ბიზნესიც ჩაერთო. “საქართველოს ბანკი“ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და განსაკუთრებით, ქალი მეწარმეების მხარდაჭერისთვის დიდი ხანია, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. სწორედ ქალი მეწარმეების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, მათთვის სპეციალური ტრენინგი უკვე მესამედ გაიმართა. შეხვედრაზე მეწარმეებმა ფინანსური საჭიროების სამართავად პრაქტიკული რჩევები მიიღეს. შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ბიზნესის დაფინანსებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები, ბიზნესის საჭიროებები, ციფრული მარკეტინგი და სხვა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ინფორმაცია მიეღოთ ყველა იმ საკითხზე, რაც, დღეს ბიზნესის მთავარ მამოძრავებელ ძალას და გამოწვევას წარმოადგენს.

ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ მარიამ მაისურაძემ ნაჭრის ჩანთებისა და ყვავილების ბიზნესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. მისი ბრენდი სახელად „მაისუ“ „ფეისბუქში“ ნელ-ნელა პოპულარული ხდება. მარიამის თქმით, წარმატებული ბიზნესის დასაწყებად არ არის აუცილებელი, კონკრეტული სფეროს პროფესიონალი იყო, მთავარია, სურვილი და მონდომება, რაც მსგავს ღონისძიებებში ჩართულობასა და ბიზნესის კეთების უნარების შესწავლასაც გულისხმობს.

„ხშირად მსმენია - „არ მაქვს არაფრის კეთების ნიჭი და არ ვიცი“. მე მაქვს ნაჭრის ჩანთების ბიზნესი და ყვავილების სათბური, თუმცა არც კერვა ვიცი და არც ყვავილების მოვლა, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობა შემიძლია. ვიპოვე ის ადამიანები, ვისაც ეს საქმე შეუძლია, მოსწონს და კარგად აკეთებს. შედეგად, მე დღეს წარმატებული საქმე მაქვს. ასე რომ, არ არის აუცილებელი, რამეში პროფესიონალები იყოთ. მთავარია, მონდომება, სურვილი და ყველაფერი გამოგივათ“, - აღნიშნა მარიამ მაისურაძემ.

„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვაზე, რა გამოწვევების წინაშე დგანან სტარტაპები საქართველოში, მარიამ მაისურაძემ უპასუხა, რომ მათ ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობა აქვთ; არ იციან დაფინანსების მოძიების გზები და ალტერნატივები ან საჭირო რესურსის მოძიების შესახებ უბრალოდ, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას.

„სწორედ ამიტომ, ტრენინგზე განხილული საკითხები - როგორ შეგვიძლია მოვიძიოთ დამატებითი რესურსი ჩვენი კომპანიის დაწყებისთვის ან თუნდაც, გაფართოებისთვის, მე და ჩემს გუნდს სამომავლოდ, სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგვეხმარება. უკეთ შევძლებთ, შევაფასოთ ყველა რისკი, სარგებელი, საფრთხე და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება თუნდაც ახალი დანადგარის შეძენისას ან ახალი ფილიალის გახსნისას.

ვფიქრობ, სესხის აღების დროს გასათვალისწინებელ ფაქტორებთან, შესაძლო პროექტებთან, მათ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, კომპეტენტური ტრენერებისგან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ. მნიშვნელოვანია, სხვის შეცდომებზე სწავლა შეძლო, ასე რომ ღირებულია ყველა ის რჩევა, რომელიც ტრენერებისგან მივიღეთ. მათ გვიამბეს რეალური შემთხვევები, რომელიც სხვადასხვა საქმის დაწყების დროს გაითვალისწინეს ან არ გაითვალისწინეს“, - აღნიშნა სტარტაპერმა მარიამ მაისურაძემ.

„საქართველოს ბანკში“ განმარტავენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, აქტიურად შეუწყონ ხელი ბიზნესს როგორც დაფინანსების, ისე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. მათი თქმით, აღნიშნული ტრენინგიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.

„ვფიქრობთ, ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია ჩვენს ქალ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, უკეთ შეაფასონ საკუთარი ბიზნესი, გაიგონ რა წყაროებითაა შესაძლებელი ბიზნესის დაფინანსება და მიიღონ პრაქტიკული რჩევები თუ როგორ გაზარდონ პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვები ინტერნეტის საშუალებით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობისთვის ჩატარებული ტრენინგი დადებითად შეაფასა ეროვნულმა ბანკმაც.

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა განაცხადა, რომ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის ფინანსური განათლების დონის ამაღლება მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„სამეწარმეო სექტორის მდგრადი განვითარების პროცესში მეწარმეების ფინანსურ განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია მეწარმეებს დაეხმარება, შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რაც მათ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლების, მათ შორის, მეწარმეთა ფინანსური განათლების საჭიროებასა და სარგებლიანობას ხედავს კომერციული სექტორიც. მოხარულები ვართ, რომ „საქართველოს ბანკი“ მეწარმეების ფინანსური განათლების პროგრამის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.

ტრენინგის პროგრამა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის შედგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ჩართულობით, „ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) მონაწილეობით.

„საქართველოს ბანკი“ უკვე წლებია, ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყონ სრულიად ახალი ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები და გააფართოვონ არსებული ბიზნესი. საქართველოს ბანკმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში, 1000-მდე ბიზნესი 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით დაფინანსდა.