ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4,555,673 მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4,362,002 მგზავრი).
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან იუწყებიან, ოქტომბრის თვეს, მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 284,442 მგზავრს მოემსახურა, რაც -15% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 335094 მგზავრი ). შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის -1% კლებაა 10 თვის ჭრილშიც. აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 3,255,965 მგზავრს მოემსახურა (2018 წელი 3,286,344 მგზავრი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის ოქტომბერში 44% გაიზარდა და 89,232 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 62,000 მგზავრი).
რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, იანვარ-ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 719,324 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით მეტია. (2018 წელი 512,386 მგზავრი).
2019 წლის ოქტომბერში, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 47,536 მგზავრმა ისარგებლა. რაც 13%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 41,980 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის ჭრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა და 571,629 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 555,693 მგზავრი).
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პროგნოზით, თბილისის აეროპორტში ათ თვეში 12% ზრდის მოლოდინი იყო, ბათუმის აეროპორტში კი 15%-იანი ზრდის. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები და მოლოდინები ერთმანეთს ემთხვევა - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია, რადგან ამ აეროპორტს რუსული ავიასანქციები ფაქტობრივად არ შეხებია. 2019 წლის 8 ივლისამდე ქუთაისიდან მოსკოვის მიმართულებით ერთადერთი ავიაკომპანია „ურალი“ დაფრინავდა.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს: მესტიის აეროპორტი 10 თვეში 7,086 მგზავრს მოემსახურა. რაც 15% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 6,151 მგზავრი). ოქტომბრის თვეში მესტიის აეროპორტით 852 მგზავრმა ისარგებლა, რაც 5%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი - 810 მგზავრი).
ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 1669 მგზავრმა ისარგებლა, რაც 17% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,428 მგზავრი).
რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტი 222 მგზავრს მოემსახურა, რაც 40%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 159 მგზავრი).
10 თვის ჯამში ადგილობრივი აეროპორტებით 8,755 მგზავრმა ისარგებლა რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 7,579 მგზავრი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.