ავტოსადგომის კანონდარღვევით მუშაობაზე ფულადი ჯარიმები ამოქმედდა

ავტოსადგომების მუშაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები გავრცელდება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი სახე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით შემოვიდა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა. ცვლილება კოდექსში უკვე აისახა და როგორც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ 11 ნოემბრის ჩანაწერშია აღნიშნული, ცვლილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

კერძოდ, კოდექსში შეტანილი ცვლილებით, საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არა უმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა - 500 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს საბაჟო კონტროლის სრულყოფილად განხორციელებას. ამასთან, გარკვეულწილად დაიცავს გადამზიდავების (პირების, რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთში განთავსებულ ავტოსადგომებში შესვლა) ინტერესებს და უზრუნველყოფს ვალდებულებების შეუსრულებლობის, კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას.

თაია არდოტელი