Alibaba-მ ერთი დღის გაყიდვების რეკორდი მოხსნა

ინტერნეტ-კომერციაში მძაფრი კონკურენციის ფონზე ჩინური რითეილერები სულ უფრო იმყარებენ პოზიციებს. ამის ნათელი მაგალითია კომპანია Alibaba-ს მიერ დამყარებული რეკორდი, რომელმაც Amazon-ის Prime Day-ის რეკორდი მორიგ ჯერზე მოხსნა.

ჩინურმა რითეილერმა ორშაბათის პირველ საათში 13 მილიარდი დოლარი ივაჭრა, რაც წინა წლის ამავე დღესთან შედარებით 32%-იანი ზრდაა, ხოლო ორჯერ მეტი Amazon-ის ივლისში Prime Day-ის განმავლობაში ნავაჭრზე. (ცნობისათვის „ამაზონს“ ზუსტი ინფორმაცია ციფრებზე არ გაუვრცელებია, უბრალოდ, გამოაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი შოპინგის დღე კომპანიის ისტორიაში, რომელიც აღემატებოდა 2018 წლის Black Friday და Cyber Monday-ის ერთად აღებულს).

Alibaba-ს განცხადებით, კომპანიამ ერთ დღე-ღამეში 38,3 მილიარდი დოლარი ივაჭრა, რაც სავარაუდოდ, ასევე მეტი იქნება ამერიკაში წელს დაგეგმილ „შავ პარასკევსა“ და „კიბერ ორშაბათზე“. Adobe Analytics-ის პროგნოზით, მადლიერების დღესასწაულის შემდგომ საშოპინგო კვირას Amazon-ი 29 მილიარდ დოლარს ივაჭრებს.

კოკა კვირკველია