Politico: ტრამპი ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფის დაწესებას ნახევარი წლით გადადებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფის შემოღება ნახევარი წლით გადადოს. ამის შესახებ გამოცემა Politico თეთრი სახლის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა გვახსენებს, რომ ტარიფების დაწესების ან გადავადების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება ოთხშაბათს უნდა გამოაცხადოს. გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტი მის შემოღებას გადაავადებს.

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მაისში დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ევროპიდან ავტომობილებისა და საავტომობილო ნაწილების იმპორტი ამერიკის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა. ამის გამო მან სავაჭრო საკითხებში მომლაპარაკებელს რობერტ ლეიტჰაიზერს დაავალა ეწარმოებინა მოლაპარაკებები ბრიუსელთან და შედეგები მოხსენებით 180 დღის შემდეგ წარედგინა. სწორედ ეს 180-დღიანი ვადა იწურება ხვალ. ევროკავშირთან მოლაპარაკებებს კი ჯერ შედეგი არ მოაქვს, ძირითადად იმის გამო, რომ კავშირი უარს ამბობს ამერიკის პირობებზე გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი ევროკავშირში.

ამასთან, Politico აღნიშანვს, რომ გადავადება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას. თეთრი სახლი კი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს.

კოკა კვირკველია