ბინის დაქირავება ძალიან გართულდა, დაგირავება თითქმის შეუძლებელია

სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, ქირაზე მოთხოვნამ ერთბაშად მოიმატა

თბილისში ბინის დაქირავება ჭირს, ხოლო გირაო საერთოდ აღარ არის. უძრავი ქონების აგენტები პრობლემას მაღალ ფასს უკავშირებენ, რის გამოც მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს, ბინის ქირის გადახდა უჭირთ.

სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, ბინის დაქირავების საკითხი აქტუალური გახდა. მართალია, ფასი უშუალოდ ამ პერიოდში არ შეცვლილა, თუმცა მასზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გართულდა.

დილერების ინფორმაციით, ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობას ბინის დაქირავება უჭირს. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი მოთხოვნა მეტროსადგურების და უმაღლესი სასწავლებლების მიმდებარე ტერიტორიებზეა.

ცენტრალურ უბნებში ერთოთახიანი ბინის ქირის ფასი 300-400 დოლარის ფარგლებშია, ხოლო გარეუბნებში ეს მაჩვენებელი 150-250 დოლარიდან 300 დოლარამდე მერყეობს.

როგორც უძრავი ქონების აგენტები განმარტავენ, მოთხოვნა განსაკუთრებით გარეუბნებსა და იაფფასიან სახლებზე გაიზარდა. ასეთ ფართებს, უმეტესწილად, რაიონებიდან ჩამოსული ხალხი ქირაობს. სიიაფე აქ მხოლოდ შედარებითია. თბილისის მასშტაბით, არ მოიძებნება უბანი, სადაც ბინა იაფად ქირავდება. თითქმის თანაბარი ფასი აქვს კეთილმოწყობილ და კეთილმოუწყობელ ფართსაც.

თბილისში ბინის ქირის ფასი ამ ეტაპისთვის ასეთია: საბურთალოზე ერთოთახიანი კეთილმოწყობილი გასაქირავებელი ბინის მინიმალური ოდენობა 400-700 დოლარის ფარგლებშია. 500-900 დოლარია ვაკეში, სადაც ორ და სამოთახიანი ბინების ქირის ფასი 2000 დოლარამდეც ადის. ანალოგიურია გასაქირავებელი ბინების ღირებულება ვერის უბანსა და მთაწმინდა-სოლოლაკში. თუმცა იტალიურ ეზოებში შედარებით იაფია და მისი დაქირავება ზოგ შემთხვევაში 350 ლარიდანაც არის შესაძლებელი. 300-დან 500 დოლარამდეა კრწანისსა და ჩუღურეთის რაიონებში. ამდენივეა, მეტ-ნაკლები ცვლილებით, დიღმის მასივსა და დიდ დიღომში. გარეუბნებში, თემქასა და გლდანში ბინები 200-400 დოლარის ფარგლებში ქირავდება, დაახლოებით ამდენივეა ისანი-სამგორსა და ვარკეთილში.

ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ქირის საშუალო ღირებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ძველ თბილისში აღინიშნება - 11,5 აშშ დოლარი, ხოლო ერთ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართზე ქირის ღირებულების ყველაზე დაბალი საშუალო ფასი დაფიქსირდა ვარკეთილში - 6,9 აშშ დოლარი.

ჯერჯერობით არ მატულობს გასაყიდი ბინების ფასი. რაც შეეხება გირაოს, დასაგირავებელი ბინები იშვიათია, მსურველი კი - ბევრი. უმეტესობას საცხოვრებლის გირაობა 10-15 ათას დოლარად სურს, მაგრამ სასურველ ბინებს ვერ პოულობენ.

როგორც სტუდენტების, ასევე უცხოელების მხრიდან, ყველაზე დიდი ინტერესი გარეუბნებში ან უმაღლეს სასწავლებლების მიმდებარე ბინებზეა. დილერების თქმით, ცენტრალურ უბნებზე, სადაც ქირის ფასი მაღალია, მომხმარებელთა დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება.

”ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, ქირაზე მოთხოვნამ ერთბაშად მოიმატა. სტუდენტები, ძირითადად, პატარა ბინების დაქირავებას ცდილობენ, მაგრამ ასეთი რეალურად ძალიან ცოტაა. ყველაზე მეტად კი ქალაქის ცენტრში მდებარე ფეშენებელური სახლების გაქირავებაა რთული. ასეთ სახლებს უცხოელები ქირაობდნენ. ახლაც ისინი რჩებიან ძირითად მომხმარელებად, თუმცა მათგან გაცილებით მეტ აქტიურობას ველოდით.

ბოლო დროს თბილისში მრავლად არიან საშუალო შეძლების უცხოელები, რომლებიც საცხოვრებლად გარეუბნებს ირჩევენ. ამ ტერიტორიაზე აკეთებენ არჩევანს სტუდენტებიც, ყველას უნდა ბინა იქირაოს მეტროსთან ან უმაღლეს სასწავლებელთან ახლოს, რის შესაძლებლობაც ნაკლებადაა”,- ამბობს ლიკა ბენია, უძრავი ქონების აგენტი.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში საცხოვრებელი ბევრმა თბილისელმა დაკარგა და მათ დიდ ნაწილს ქირით უწევს ცხოვრება. ესეც კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც თბილისში ბინის დაქირავება ჭირს.

”რაც ქირავდება, საკმაოდ ძვირია და სტუდენტებს თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. მათი უმრავლესობისთვის ცენტრალური უბნები ნაკლებად მიმზიდველია. ქირაზე მოთხოვნა ყოველთვის რაიონებიდან ჩამოსული მოსახლეობის ხარჯზე იყო. ამას ემატება უბინაოდ დარჩენილი თბილისელების პრობლემაც. მათ დიდ ნაწილს ქირით უწევს ცხოვრება და ეს ფაქტორი ქირაზე ხელმისაწვდომობას საკმაოდ ართულებს”,- დასძენს უძრავი ქონების აგენტი.

უძრავი ქონების სააგენტო ”კიბეს” წარმომადგენელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ ბოლო დროს მოთხოვნამ დიღმის მასივში მდებარე ბინებზეც მოიმატა, თუმცა ამ ტერიტორიაზე ტრადიციულად ნაკლებად ქირავდება.

”სტუდენტების მხრიდან ბინის ქირაზე მოთხოვნა ერთბაშად გაჩნდა, შეკვეთებს ვერ ავუდივართ, მაგრამ ფართი რეალურად ცოტაა. მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია დიღმის მასივის მიმართ, მაგრამ გასაქირავებელი ბინა ამ ტერიტორიიდან, პრაქტიკულად, არ შემოგვსვლია. მოთხოვნა მაღალია ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სტუდენტებს ურჩევნიათ, ბინა სასწავლებლის ახლოს იქირაონ და ტრანსპორტის თანხა მაინც დაზოგონ”,- ამბობს ნელი გოგუაძე.

უძრავი ქონების სააგენტო ”ბერუკას” წარმომადგენელი ავთანდილ გუგეშაშვილი განმარტავს, რომ გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ქირაზე ხელმისაწვდომობა გართულებულია, ხოლო გირაო მთელ თბილისში თითქმის აღარ არის.

”ბინა ვერ ქირავდება იმის გამო, რომ ფასი არის მაღალი. ცენტრალურ რაიონებში ძალიან ძვირი ღირს, მინიმალური ფასი საბურთალოზე 300 დოლარიდან ზემოთ, ვაკეში კი 400 დოლარიდან იწყება. უფრო მეტად ცენტრალურ უბნებზე ვუშაობთ. ვერ ვიტყვით, რომ ზუსტად რა პერიოდიდანაა გაძვირებული, თუმცა ახლა ქირის ფასი უფრო მეტია, ვიდრე იანვარ-თებერვალში იყო. გირაოზე საუბარი საერთოდ არ მაქვს, რეალურად არც არის. მოთხოვნა ძალიან დიდია, მაგრამ დასაგირავებელი ბინა ფიზიკურად არ მოგვეპოვება. დეფიციტს სიძვირე განაპირობებს. 20 ათას დოლარზე იაფად ერთოთახიანი ბინის დაგირავება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია”, - განმარტავს ავთანდილ გუგეშაშვილი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”