თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილში, ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში მშენებლობა სკვერის ტერიტორიაზე არ განხორციელდება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩემი მოადგილეები ჩართულები არიან, არაერთი შეხვედრა გაიმართა. თქვენ იცით ჩვენი მიდგომა, დამოკიდებულება და პოლიტიკა. ჩვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ პროექტს, რომ მშენებლობის ნებართვა გაგვეცეს სპორტული მოედნების, სკვერების, მწვანე სივრცეების ხარჯზე. ასეთი რამ არ არსებობს. კონკრეტული მშენებლობა, რომელზეც საუბრობთ, 2016 თუ 2017 წელს არის გაცემული. როდესაც პირველი პროტესტი წამოვიდა, საკითხი და ადგილმდებარეობა შევისწავლეთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სკვერს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სკვერი იქნება არა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა არის, იქნება გალამაზებული, ყველანაირად კეთილმოწყობილი, გამწვანებული. მშენებლობას რაც შეეხება, ის მიდგომა და დამოკიდებულება რომ მე არ მომწონს და არ აშენდეს, არასწორია. პირველები ჩვენ ვიქნებით, დედაქალაქის მერია იქნება, ვინც შეეწინააღმდეგება და წინ აღუდგება ისეთ მშენებლობას, რომელიც დამაზიანებელია ქალაქის, ურბანული განვითარების თვალსაზრისით, რომელიც დამაზიანებელი იქნება და განხორციელდება მწვანე სივრცეების ხარჯზე ან სპორტული მოედნების ხარჯზე. ვიღაცას მშენებლობა ან მოსწონს, ან ვიღაცას რაღაცის ინტერესი აქვს, ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ქალაქი განვითარდება, მშენებლობაც განხორციელდება, მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთდება სწორი ფორმით",- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ვარკეთილში ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები დღეს სამშენებლო კომპანიას მუშაობის დაწყების საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილობრივების თქმით, მშენებლობა უკანონოა და თბილისის მერიისგან ინვესტორისთვის აღნიშნული ადგილის სანაცვლოდ სხვა ტერიტორიის შეთავაზებას ითხოვენ.