ტექნიკის მაღაზიებში მოთხოვნა მცირედით გაიზარდა.
როგორც კომპანიებში აცხადებენ, თუ 1-ლი იანვრიდან დაწესებული რეგულაციების შემდეგ გაყიდვები 50%-ით შეუმცირდათ, ბოლო თვეებში ეს მაჩვენებელი 15-20%-მდე დავიდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების შედეგების შეფასება იანვრის ბოლოს იქნება შესაძლებელი.
„ზოგადად ამ რეგულაციების შემოღების მიზანი შეიძლება სწორი იყო, მაგრამ ეს შეიძლება ყოფილიყო ეტაპობრივად შემოღებული, რომ უმტკივნეულო ყოფილიყო, როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვისაც. განსაკუთრებით მძიმე სურათი იყო მიმდინარე წლის იანვრიდან პირველი 3-4 თვე, რადგან გაყიდვებში გვქონდა 40-50%-იანი კლება. უკვე შემდგომ სიტუაცია ცოტა დასტაბილურდა და ახლა ეს მაჩვენებელი 15-20% -მდეა. იანვრის ბოლოსთვის ბაზრის კვლევის კიდევ უფრო ნათელი სურათი გვექნება“, - განაცხადა „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ.
მისივე თქმით, თუ გაყიდვებზე გაუფასურებული ეროვნული ვალუტის გავლენას არ ჩავთვლით, მომავალი წლიდან კომპანია სრულად დაფარავს რეგულაციების ზემოქმედებით მიღებულ ზარალს.
„ამ ზარალის დასაფარად ჩვენ დავიწყეთ საქართველოს სხვადასხვა წერტილში უფასო მიტანის სერვისი. გავააქტიურეთ ონლაინ გაყიდვები. დავგეგმეთ მომწოდებლებთან ერთობლივი აქციები, რომელიც საკმაოდ მომხიბვლელი იყო მომხმარებლებისთვის, ასევე დავიწყეთ, საბითუმო გაყიდვები სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, მაგრამ, მარტო ჩვენი აქტიურობით ვერაფერს ვიზამთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ბაზრის დინამიკა, ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, ვალუტის კურსი და ა.შ. რადგან, როცა მომხმარებელს უჭირს, ეს ყველა კომპანიაზე აისახება.
აქედან გამომდინარე მძიმე და დეპრესიულია ახლა ბაზარი, მაგრამ იანვართან შედარებით პოზიტიური შედეგები მაინც გვაქვს. მხოლოდ რეგულაციების ფაქტორი რომ ახდენდეს ახლა გაყიდვებზე გავლენას და არა ვალუტის კურსი და სხვა ფაქტორები, ვფიქრობ 2020 წლიდან უკვე ეტაპობრივად აღდგებოდა ბაზარი და მოგებაზეც წავიდოდით”, - ამბობს, ანზორ ქოქოლაძე.
კომპანია "ბეკო"-ში კი ამბობენ, რომ მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ 4 ახალი მაღაზიის გახსნა დასჭირდათ, რადგან რეგულაციების გავლენის შედეგად მიღებული ზარალი შეემცირებინათ.
"ზოგადად პრეტენზიები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა კანონს ქმნიან და მაშინვე შედის ძალაში. ვფიქრობ ჯერ უნდა განიხილონ, რომელ სფეროსაც ეხება იმ სფეროს წარმომადგენლებთან, რა შეიძლება მოყვეს ამ რეგულაციებს ან რა ვადაში უნდა მიიღონ. ამ წელს ყველაფერი ერთად მოხდა - რეგულაციები, ლარის გაუფასურება და ზოგადად მძიმე სურათია ბაზარზე, მაგრამ რეგულაციების გავლენის გამო შექმნილი რთული სიტუაცია ბოლო 4 თვეა გამოსწორდა“, - აღნიშნავს, კომპანია "ბეკოს" ხელმძღვანელი მეჰმედ მელექი.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი იანვრიდან "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ", ეროვნული ბანკის დებულება ამოქმედდა, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა.
ალექსანდრა ისპირიანი