22 დეკემბერს, ბათუმში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლებს დააჯილდოებს.
„მაგნოლია 2019“-ზე გაირკვევა თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტულ მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტებისა და სექტორის შეფასებებს იყენებს. ტურისტების კვლევისას, რომელიც მაისში დაიწყო და ახლაც გრძელდება, ვიზიტორების გამოკითხვა საქართველოს დატოვებისას, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარეობს. ამას ემატება მომხმარებელთა ონლაინ კვლევაც, რაც Trip Adviser-ზე, Booking. com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებს. საბოლოოდ, ტურისტებისა და მომხმარებლების კვლევას გიდების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების გამოკითხვის შედეგებიც დაემატება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.