მეტი საგადასახადო გამჭვირვალება თუ შეფარული წნეხი ბიზნესს?

”ძალიან დიდი თანხა მიედინება საქართველოდან დაუბეგრავად უცხოური ფირმების საშუალებით“

მთავრობა ცდილობს საბანკო საიდუმლო საგადასახადო ორგანოსთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ამ ცვლილებას საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტი გვთავაზობს, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ორიოდე დღის წინ პარლამენტში წარადგინა.

ცვლილებების მიხედვით, გადასახადების ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად და ასევე უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბანკიდან პირის კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის უფლება ეძლევა. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ეს ცვლილება საერთაშორისო პრაქტიკას მისდევს და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებაა.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიესალმება ცვლილებას, რადგან მისგან გადასახადების ადმინისტრირებაში მეტ გამჭვირვალებას და ბიზნესის ჩრდილოვანი ნაწილის შემცირებას ელოდება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საგდასახადო ორგანოს მსგავსი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ პროკურატურაში გადასახადის გადამხდელზე საქმის აღძვრის და მასზე სასამართლოს დასტურის მიღების შემდეგ შეუძლია, რაც ფინანსისტ ლია ელიავას აზრით, ართულებს შემოსავლების სამსახურის მუშაობას. მეორე მხრივ, საქართველოში ბიზნესის საქმიანობის მაკონტროლებელი საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ სუსტია და ბიზნესს, განსაკუთრებით მსხვილ ბიზნესს, გადასახადებისგან თავის დაძვრენის მრავალ საშუალებას აძლევს, რომელთა შორის ბანკების მეშვეობით ფულის გათეთრება ერთ-ერთი ყველაზე ნაცადი და კომფორტული ხერხია.

„მე მივესალმები ამ ცვლილებას, რადგან მსხვილი ბიზნესი მალავს გადასახადებს და ამაში ბანკები კომფორტულად ეხმარებიან. მივესალმები, რომ იქნება გაზრდილი სახელმწიფო კონტროლი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გადინებულ ფულზე, რადგან ძალიან დიდი თანხა მიედინება საქართველოდან დაუბეგრავად უცხოური ფირმების საშუალებით,“- ამობობს ელიავა. „სასამართლო ძიება ნაკლებ ეფექტურია, რადგან მას არ ჰყავს საგადასახადო საკითხებში ჩახედული, იმ დონის პროფესიონალთა გუნდი, როგორც ფინანსთა სამინისტროს. ამიტომ უპრიანია, რომ ფინანსთა სამინისტროს ეძლევა საშუალება, სასამართლოში წარადგინოს საქმე მის მიერ ჩატარებული საძიებო დოკუმენტაციის საფუძველზე.“

თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი მოსალოდნელ ცვლილებაში ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის შეფარულ ზრდას და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ელემენტებს ხედავს. დამოუკიდებელი ანლიტიკოსის, იურისტ ლევან ალაფიშვილის აზრით, საფრთხეს არა ცვლილებათა პაკეტის საგადასახადო კოდექსზე მიმართული ძირითადი ნაწილი, არამედ მისგან გამომდინარე ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები შეიცავს. კანონპროექტის მიხედვით, პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვას საბანკო დაწესებულების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისაგან, საგადასახადო ორგანო ახორციელებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.  ეს წესი კი საგადასახადო ორგანოს საბანკო საიდუმლოების მიღების ორ მექანიზმს სთავაზობს: ერთი, როცა ანგარიშის მფლობელი ჩართულია და ინფორმირებული სასამართლო პროცესში, რაც საფრთხეს არ შეიცავს; და მეორე - როცა, სასამართლო პროცესი ანგარიშის მფლობელის ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს, რაც ალაფიშვილის აზრით, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო ნორმებს.

კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულების მიზნებისთვის, თუკი რომელიმე ქვეყნის კომპეტენტური ორგანო მოითხოვს საქართველოს რომელიმე საბანკო დაწესებულებაში გახსნილი ანგარიშის მფლობელის შესახებ ყველა ინფომრაციას, სასამართლო პროცესი დასაშვებია წარიმართოს ანგარიშის მფლობელის ინფორმირების გარეშე. თანაც, ანგარიშის მფლობელს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც არ აქვს. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება ძალიან მოკლე დროში - 5 დღიან ვადაში მიიღება, მაშინ როცა საგადასახადოს მიერ გამოთხოვილი საბანკო საიდუმლოების კონტროლის ვადა შეზღუდული არ არის, და ფაქტობრივად, უვადო კონტროლის შესაძლებლობას ქმნის. ბანკმა კი ეს გადაწყვეტილება ხმის ამოუღებლად უნდა აღასრულოს.

„აქ მნიშვნელოვანია ის, რომ კანონით ადამიანის ელემენტარული ფუნდამეტური უფლებებიც კი უგულვებელყოფილია. მხედველობაში მაქვს დაცვის და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ კანონპქროექტში შავით თეთრზე წერია, რომ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს ანგარიშის მფლობელის ინფორმირების გარეშეც კი. ის განხილვაში არ მონაწილეობს და არ შეუძლია არგუმენტები და მტკიცებულებები წარადგინოს საგადასახადო ორგანოს წინააღმდეგ. ეს არის დაცვის ფუნდამენტური უფლების, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ევროპული კონვენციით და ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული უფლების უგულვებელყოფა”. - განმარტავს ალაფიშვილი.

გარდა ამისა, საბანკო საიდუმლოება მკაცრად დაცული პირადი საიდუმლოების კატეგორიაში გადის, თანაც კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს პრინციპიც ირღვევა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი ოქმები, რაც თანამედროვე დემოკრატიის სტანდარტია, განსაზღვარვენ სამართლიან სასამართლოს, როგორც საშუალებას, რომ პირმა სასამართლოში იდაოს მინიმუმ, ორი ინსტანციის გავლით. ანუ წარადგინოს, მონაწილეობა მიიღოს და გაასაჩივროს კიდეც სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში. ამ კანონპროექტში კი წერია, რომ ანგარიშის მფლობელს გასაჩივრების უფლება არა აქვს,“- ამბობს ალაფიშვილი.

სასამართლო თეორიულად კიდეც რომ წარმოვიდგინოთ დაცვის გარანტად, მას კანონპროექტით გათვალისწინებული ვადები არ აძლევს საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობის ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას. კერძოდ, 5 დღეში არც მხარეს და არც სასამართლოს არ შეუძლია გადაამოწმოს უცხოეთის რომელი სახელმწიფოს, რომელმა დაწესებულებამ და რამდენად დასაბუთებულად მოითხოვა ეს ინფორმაცია.

„ანუ სასამართლო საგადასახადოს სიტყვაზე უნდა ენდოს. განხილვის დროს, მოკლე 5 დღიან ვადაში ვერც მხარე და ვერც სასამართლო ვერ გადაამოწმებს და ვერ გახდის სადაოს წარმოდგენილ ინფორმაციას: მართლა მოვიდა თუ არა ეს მოთხოვნა უცხოეთის სახელმწიფოდან, მართლა არსებობს თუ არა ისეთი ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმება ქვეყნებს შორის,   რომლის საფუძელზეც ეს ინფორმაცია არის მოთხოვნილი და რამდენად დასაბუთებულია ეს მოთხოვნა იმ ქვეყანაში. ამას ვერ ამოწმებს სასამართლო, რაც ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით დაარტყამს ბეჭედს. ეს მერე მიდის საბანკო დაწესებულებაში და ის, თუნდაც გულით უნდოდეს, ვერც კი ანიშნებს კლიენტს, რომლის ინფორმაციის დაცვაც ბანკის ინტერესშია, რომ მისი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია კონტროლდება,“ - განმარტავს ალაფიშვილი. მისი აზრით, ეს ჩანაწერი სულაც რომ არ განხორციელდეს პრაქტიკაში, მისი არსებობაც კი დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ეკონომიკის წამყვან დარგს, საბანკო სისტემას, რომლის ნდობის ფაქტორიც დაეცემა. პლუს, არც ერთი ჭკუთმყოფელი ინვესტორი არ გამოიხედვას იმ ქვეყნისკენ, სადაც კანონი შეიცავს ჩანაწერს, რომელიც გადასახადის გადამხდელის საბანკო საიდუმლოზე უვადო კონტროლის მექანიზმს ანიჭებს სახელმწიფოს.

ელიავა კი მოსალოდნელ ცვლილებაში საბანკო სექტორისთვის ან ინვეტორებისთვის შემცველ რისკს ვერ ხედავს. მისი აზრით, მსგავსი სახელმწიფო კონტროლი ბუნებრივი და ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკაა და არაფერი დაშავდება თუ ბიზნესი უფრო ღია და გამჭვირვალე გახდება, რადგან დღეის მდგომარეობით, დღგ-ს ბრუნვასა და გადახდილ გადასახადებს შორის არსებითი სხვაობაა, რაც გადასახადების აშკარა დამალვაზე მეტყველებს.

„მე დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან წაადგება ქართული ბიზნესის საქმიანობის გათეთრებას. ბანკები კლიენტებს ვერ დაკარგავენ, რადგან საქართველოს კანონმდებლობით ყველა ვალდებულია ანგარიში იქონიოს კომერციულ ბაკში. ვერც ინვესტროებს დაკარგავენ, რადგან ყველა ქვეყანაში არის ასეთი წესი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად, პირდაპირ საგადასახადოს შეუძლია მოითხოვს ეს ინფორმაცია სასამართლოს გარეშე. შვეიცარიის ბანკებსაც კი გაახსნევინეს ინფორმაცია,“ - ამბობს ელიავა.

ნინო ფაცურია