მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

,,ახალციხე -ბათუმის “ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

„რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება ,,ახალციხე - ბათუმის “ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების („შუახევის“ და „კორომხეთის“ ჰესები) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. მითითებულ პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა,“-აღნიშნულია ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში.

პროექტის ფარგლებში მოექცა ახალციხის რაიონის სოფელ ფერსაში უშანგი აფციაურის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საერთო ფართი 1900 კვ .მ ) ნაწილი – 58 კვ. მეტრი. როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, დასახელებულ პირს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისთვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზეც მან უარი განაცხადა. შესაბამისად, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.

თაია არდოტელი