საპენსიო სააგენტოს აუდიტის ჩატარების სურვილს სამი კომპანია გამოთქვამს

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ჩატარების სურვილს სამი აუდიტორული კომპანია გამოთქვამს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საკონკურსო კომისიის სხდომაზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური წინადადებები გაიხსნა.

მათივე ინფორმაციით, კონკურში მონაწილეობს KPMG Georgia, “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი” (PWC) და "დელოიტი და ტუში"(Deloitte).

სხდომაზე ითქვა, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები კომისიის შემდეგ სხდომაზე გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს. როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს 2018 წლის გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა „ერნსტ ენდ იანგიმ“ განახორციელა.