ფილარმონიის დირექტორის, გიორგი კერესელიძის განცხადებით, ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინთერნეიშენალ ივეთსთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო.
როგორც გიორგი კერესელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, 2011 წლიდან მოყოლებული ითხოვენ იმ ვალდებულების მოხსნას, რომელიც კონტრაქტში ისე ჩაიწერა, რომ ინვესტორთან შეთანხმებული არ ყოფილა, თუმცა ხელშეკრულების გაწყვეტა კერძო ინვესტორზე დარტყმას წარმოადგენს.
„ის, რასაც სახელმწიფო ახლა გვედავება, საერთოდ არ ყოფილა შეთანხმებული და არც მოლაპარაკებების დროს განხილულა, რომ ეს ვალდებულება უნდა ყოფილიყო. 8 წელია ვითხოვთ, რომ განიხილონ ეს საკითხი და მოიხსნას ეს ვალდებულება. პირველი წერილი ეკონომიკის სამინისტროში 2011 წელს შევიდა. იმის შემდეგ ყველა მინისტრს პირადად შევხვდი და ყველასგან პირადად მქონდა აღთქმული დახმარების პირობა, რომ საკითხს განიხილავდნენ. ერთადერთი, ვისაც პირადად არ შევხვედრილვარ, იყო გიორგი ქობულია, რომელმაც საქმეში ჩაუხედავად მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა პროცედურულად საკითხი ბოლომდე ვერ მიიყვანა”, - განაცხადა კერესელიძემ.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, შეხვდა თუ არა ფილარმონიის დირექტორი ეკონომიკის მოქმედ მინისტრს, რომელმაც წინამორბედის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროცედურულად დაასრულა და საკონცერტო დარბაზის მმართველ კოპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა, კერესელიძე აცხადებს, რომ იყო მინისტრთან შეხვედრა და სიტუაცია აუხსნეს, მაგრამ „პრობლემა ისაა, რომ ხელშეკრულება ისეთი ფორმითაა შედგენილი, საშუალებას არ იძლევა და პრეცენდენტიც ვერ მოიძიეს მსგავსი, რის მიხედვითაც გადახედვა და რაღაცის შესწორება შეიძლებოდა“.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში არავინ აიღო თავის თავზე ხელშეკრულების გადახედვის პასუხისმგებლობა და რჩება შთაბეჭდილება, რომ საკითხი წლების განმავლობაში სპეციალურად ჭიანურდებოდა.
„შთაბეჭდილება მრჩება, რომ პროცესი ამდენი ხანი ხელოვნურად წელეს და ეს თანხა ზარდეს. ამ 3 მილიონ 300 ათასიდან ძირი თანხა 1.3 მილიონი ლარია დანარჩენი სულ საურავებია, რომელიც დაგვერიცხა იმიტომ, რომ არ ვიხდიდით თანხას, რომელზეც ვფიქრობდით, რომ არ იყო გადასახდელი“,-აცხადებს თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორი.
როგორც გიორგი კერესელიძემ განმარტა, „ინთერნეიშენალ ივენთსმა“ ფილარმონიაზე 8 მილიონი დოლარი დახარჯა და ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოს თბილისის საკონცერტო დარბაზზე არანაირი თანხა არ დაუხარჯავს.
„ხელშეკრულების გაწყვეტა არის კერძო ინვესტორზე დარტყმა. მერე უკვირთ, რატომა არ არიან ინვესტორებიო. იმიტომ არ არიან, რომ ხელშეწყობა არაა. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა და ვალდებულება ინვესტიციის განხორციელება იყო, რაც გააკეთა კომპანიამ და 8 მილიონი დაიხარჯა პირველ ეტაპზე ფილარმონიაზე. დამონტაჟდა გათბობის, ვენტილაცია-კონდიცირების სისტემა, ახალი გახმოვანების სისტემა, ფასადი მთლიანად შეიცვალა. ამდენი წლის განმავლობაში სახლემწიფომ მიიღო გარემონტებული დარბაზი 8 მილიონ დოლარიანი კერძო ინვესტიციით, თავად კი 1 თეთრი არ დაუხარჯავს ამ დარბაზში. აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველ კომპანიას ამ წლების განმავლობაში დივიდენდი არ მიუღია, ფინანსური სარგებელი არ ჰქონია, თუმცა ვიღაცეებს დღემდე ჰგონიათ, რომ ეს დარბაზი სახელმწიფოს ბიუჯეტზე ზის. კერძო ფულია აქ დახარჯული. ყოველწლიურად 800-850 000 ლარს გადასახადს იხდის ბიუჯეტში დარბაზი და თავის პერსონალს თავად ინახავს. პარალელურად რვა წელიწადში არ მოხერხდა იმ ვალდებულების გადახედვა ან მოხსნა, რომელიც ინვესტორთან შეთანხმების გარეშე ჩაიწერა ხელშეკრულებაში“,-აცხადებს ფილარმონიის დირექტორი.
მისივე თქმით, კიდევ ერთი წნეხი ექნება ბიუჯეტს ფილარმონიის სახით და სახელმწიფოს დამატებით ყოველწლიურად 5-6 მილიონის დახარჯვა მოუწევს თბილისის საკონცერტო დარბაზის შესანახად.
„მე ძალიან მეეჭვება, რომ ფილარმონიაში ინვესტირების მსურველი გამოჩნდეს. ეს არაა მომგებიანი თემა. როცა შემოვედით, ჩვენ დიდი რესურსი ჩავდეთ. ახლა წავა სასამართლო დავები. ჩვენ ჩვენს არგუმენტებს მოვიყვანთ“, - აღნიშნა თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ „ინტერპრესნიუსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და ამჟამად მიმდინარეობს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცედურები. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ფილარმონიის მმართველ კომპანიას დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით, რომელიც 3,5 მილიონ ლარს აჭარბებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
„ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა. შესაბამისად, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვერ მოხდა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სრულფასოვანი განვითარება და ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ დააკისრა პირგასამტეხლო”, - განუცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე დღის წინ.