გიორგი კვირიკაშვილმა დისკუსიაში "სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის შესაძლო განვითარების პერსპექტივები" მონაწილეობა მიიღო

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დისკუსიაში სახელწოდებით "სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის შესაძლო განვითარების პერსპექტივები" მონაწილეობა მიიღო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსია ჩინეთში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაზე მოხსენება გააკეთა გიორგი კვირიკაშვილმა.

დისკუსიაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის აქტუალობაზე, მათ შორის, გამოიკვეთა საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია გლობალურ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში. დისკუსიაზე აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უნდა მოხდეს უფრო მაღალი დონის კოოპერაცია და, შესაბამისად, შემცირდეს ეკონომიკური ბარიერები. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ეკონომიკური ბარიერები ამ რეგიონის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

დისკუსიაზე საუბარი წარიმართა მომავლის სცენარებზე - თუ როგორ შეიძლება რეგიონის ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, როგორც ამ რეგიონის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, გახდეს დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას, ასევე სხვადასხვა სავაჭრო-ეკონომიკურ გაერთიანებებს შორის.

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი მეტ აქტუალობას იძენს მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა და ევროგაერთიანებასთან ერთიანი სავაჭრო სივრცე იქმნება. აღნიშნული ახალი გარემოება გაცილებით მიმზიდველს ხდის საქართველოს საერთაშორისო ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით ჩინური კაპიტალისთვის, არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ახალი ინდუსტრიული პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით.