საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს - აღნიშნული ცვლილება „შრომის კოდექსში“ იგეგმება.
კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ წარადგინა.
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები 14 მაისის, თამარ მეფის ხსენების დღის - სამშობლოს დღედ გამოცხადებას ითვალისწინებს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი იქნება და ყოველ წელს, 14 მაისს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სახალხო დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსის დადგენილ უქმე დღეების ჩამონათვალს დაემატება - 14 - მაისი ,,სამშობლოს დღე“.
ამასთან, კანონპროექტის ავტორმა მის მიერ მომზადებულ პროექტში ცვლილების შეტანის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის პირვანდელ ვერსიაში იგი 8 მარტის - ქალთა საერთაშორისო დღის შრომის კოდექსიდან ამოღებას ითხოვდა, თუმცა გარკვეული კონსულტაციების შემდეგ, ავტორმა მისი ეს მოთხოვნა გააუქმა.
კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეფასებით, კანონპროექტის ავტორის ეს ბოლო გადაწყვეტილება პროექტის მიმართ მოსაზრებებს შეცვლის. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხის პირველად განხილვებისას სხვადასხვა კომიტეტში 8 მარტის ამოღების გამო კანონპროექტის მხარდაჭერის მსურველები ნაკლებად იყვნენ, ეს ბოლო ცვლილება კი დამატებით კონსულტაციებს და მსჯელობას საჭიროებს.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.