მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“, მის ხელმძღვანელად კალაძემ რომეო მიქაუტაძე წარადგინა.
„ლევან ჯღარკავა აქამდე იკავებდა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოზიციას. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ლევანი არის ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალი. ის შეცვლის გიორგი ბაგრატიონს, რომელმაც, მოგეხსენებათ, დატოვა აღნიშნული თანამდებობა და ამჟამად ხელმძღვანელობს დაცვის პოლიციას. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“, მის ხელმძღვანელად მინდა წარვადგინო რომეო მიქაუტაძე. რომასთან წლების განმავლობაში გვაქვს მუშაობის გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში. ის გახლდათ „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი და საკმაოდ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია ენერგოსექტორს",- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზეც, ბოლო პერიოდში მას „ენერგოტრანსის“ დირექტორის პოზიცია ეკავა.