ვერ გეტყვით, რომ დღეს ისრაელში ვინმე უსაფრთხოდ არის, იმიტომ რომ უკონტროლო ორგანიზაციის უკონტროლო დარტყმების ფონზე არ შეიძლება ითქვას, რომ საფრთხე არ არსებობს - ეს უპასუხისმგებლო განცხადება იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ავიადარტყმები დღეს დილითაც განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოებში პანიკური შიშის დიაგნოზით 40 ადამიანია მოთავსებული.
„დღეს დილით განხორციელებული ყველა ავიადარტყმა მოგერიებულია. საზოგადოებამ იცის, რომ ისრაელს მაღალი ხარისხის საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვს, ისევე როგორც თელავავის გარშემო გაძლიერებულია საჰაერო თავდაცვის ქსელი, დამატებით შემოყვანილია ტექნიკა. ნელ-ნელა თელავივი უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. გუშინ სკოლები დაკეტილი იყო, დღეს უკვე მიეცათ მითითება, რომ შესაძლებელია სკოლები გაიხსნას, ისე როგორც სამსახურები გაიხსნა. გუშინ ჩვენ დიპლომატიურ მისიებს ფაქტობრივად, გაგვიუქმდა ყველანაირი შეხვედრა, მაგრამ დღეს უკვე ნორმალურ ცხოვრებას ვუბრუნდებით. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპერაცია არ გრძელდება და ოფიციალური განცხადებაა, რომ არ არის ცნობილი როდემდე გაგრძელდება. საუბარია ისლამური „ჯიჰადის“, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ლიდერზე, რომელიც პრაქტიკულად, დაუქვემდებარებელია ნებისმიერი მოლაპარაკებების მიმართ და უკონტროლოა. „ხამასმაც“ კი გააკეთა განცხადება, რომ ამ პროცესში არ არის ჩართული. „ხამასი“ არის მმართველი ძალა ღაზას სექტორში, თუმცა „ ხამასს“ არ სურს „ღაზას სექტორში“ ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნას“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
მისივე განცხადებით, მოსახლეობა შეჩვეულია საომარ ვითარებებს, თუმცა მსგავსი ძლიერი დარტყმები ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა. საქართველოს მოქალაქეებისთვის როგორც საელჩოში, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს ცხელი ხაზი.
„საქართველოს მოქალაქეებმა იციან საელჩოს საკონტაქტო ნომრები, იციან ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცნენ დარტყმების დროს. ეს ინსტრუქცია განთავსებულია ვებ-გვერდზე. სიახლე მხოლოდ ახლადჩამოსულებისთვის შეიძლება იყოს და მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. შემოვიდა ზარები, ოღონდ დახმარების არა, უფრო მეტად ინსტრუქციებთან დაკავშირებული. ვერ გეტყვით, რომ დღეს ისრაელში ვინმე უსაფრთხოდ არის, იმიტომ, რომ უკონტროლო ორგანიზაციის უკონტროლო დარტყმების ფონზე არ შეიძლება ითქვას, რომ საფრთხე არ არსებობს - ეს იქნება უპასუხისმგებლო განცხადება. საფრთხე არსებობს, მაგრამ არის ამ საფრთხიდან თავის არიდების ყველანაირი საშუალება, თუნდაც სანამ ყუმბარა დაეცემა ისრაელის ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთით ადრე ირთვება სირენა, ასევე მოსახლეობა ინფორმირებულია მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს ან სამუშაოსთან ახლოს, სად მდებარეობს თავშესაფარი“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ლაშა ჟვანიამ.