კახეთის გზატკეცილზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ისნის პანდუსთან 120-მეტრიან მონაკვეთზე GWP ქსელს გამოცვლის.
"არ შემიძლია არ შევეხო კახეთის გზატკეცილის პროექტს, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. შეიძლება რამდენიმე დღე გადაცდეს იმის გათვალისწინებით, რომ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე GWP-მ აღმოაჩინა, რომ თავისი ქსელი არის მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ მივეცით უფლება, რომ მთლიანად მოხდეს ამ ქსელის ჩანაცვლება. 120-მეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ისნის პანდუსთან არის განთავსებული, აქაც განახლებული ქსელი ჩაიდება. მიწისქვეშა კომუნიკაციები უნდა იყოს მოწესრიგებული რომ წლების შემდეგ თავი არ იჩინოს. პროექტი მართლაც იდეალური იქნება, როცა სამუშაოები დასრულდება, თავისი გამწვანებული სამუშაოებით, დახაზვებით, განათების ბოძებით. ნოემბრის ბოლოს გვინდა საგაზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად გაიხსნას და ავტომობილებს შეუფერხებლად შეეძლოთ გადაადგილება. პარალელურ რეჟიმში გავაგრძელებთ სამუშაოებს გასალამაზებლად, გამწვანებისთვის. ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გადაჭიმული, მიწის ქვეშ ჩავიტანოთ. ეს ყველაფერი პარალელურ რეჟიმში იქნება წარმოებული",- განაცხადა კალაძემ.